პაპუაშვილმა ბრიუსელი ფარისევლობაში დაადანაშაულა და მას „სააკაშვილის რეჟიმი“ შეახსენა

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2025
გამოწერა
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საქართველოს ხელისუფლებისადმი ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით ცრუ და ფარისევლურია.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ბრიუსელმა საქართველო ოფიციალური პირებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემით 2010 წელს, იმ დროს დააჯილდოვა, როდესაც ქვეყანაში „სააკაშვილის რეჟიმის" წარმომადგენლების მიერ არაერთი დანაშაული იყო ჩადენილი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების პასუხად.
27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში 2024 წელს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების საპასუხოდ. ევროკავშირს მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
„შეგახსენებთ, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების გაცემის გამარტივების შეთანხმებას სააკაშვილის რეჟიმის ოფიციალური პირებისთვის 2010 წელს მოეწერა ხელი", - დაწერა სოციალურ ქსელში პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ჩამოთვალა რიგი დანაშაულები, რომელიც ჩადენილ იქნა ამჟამად მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში:
სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და ზურაბ ვაზაგაშვილის გამოუძიებელი მკვლელობები;
იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით მფლობელებისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ წართმევა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს ის ძებნილი ადეიშვილია, რომელსაც გასულ წელს ბრიუსელის ოფიციალურმა პირებმა იმავე ოთახებში უმასპინძლეს, სადაც დღეს მიიღეს გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.
ციხეში პატიმრების წამების სისტემის საბოლოო ჩამოყალიბება, რომელსაც ბრიუსელი არ იმჩნევდა და რომელსაც, მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლომ სისტემურმ წამება უწოდა;
2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბება;
ბიზნესის სრულად მოქცევა რეჟიმის რეკეტის ქვეშ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუხედავად ამ დანაშაულებისა, ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურებით დაჯილდოვდნენ არა საქართველოს რიგითი მოქალაქეები, არამედ თანამდებობის პირები.
„ამ აყვავებული ავტოკრატიის შემქმნელები (და არა ჩვეულებრივი მოქალაქეები) დააჯილდოვა მაშინ ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლით. მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას კი კიდევ 7 წელი და „ქართული ოცნების" მიერ რეჟიმის დამარცხება დასჭირდა", - დაწერა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საქართველოს ხელისუფლებისადმი ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით ცრუ და ფარისევლურია.
„თუმცა, იქ, სადაც ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, ესეც გასაკვირი არაა“,- დაწერა სპიკერმა.
2022 წლიდან ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკულ რეზოლუციებს იღებს - თითოეულ მათგანში არის 2021 წლის 29 ოქტომბრიდან პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოწოდება. ყველა რეზოლუციაში ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ დემოკრატიიდან გადახვევასა და ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში.
ვის შეეხება გადაწყვეტილება?
საბჭოს განმარტებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შეეხებათ შემდეგ კატეგორიებს:
საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.
საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ვიზიტებისას, ნათქვამია პრეს-რელიზში.
საქართველო და დასავლეთი
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.
ყველა ახალი ამბავი
0