კოვიდ პანდემიის დროს დაჯარიმებულ კლინიკებს ჯარიმებს ჩამოაწერენ - პრემიერ-მინისტრი

© Courtesy of M. Iashvili Children's Central Hospitalიაშვილის სახელობის კლინიკა
იაშვილის სახელობის კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2024
გამოწერა
პრემიერმა არ დააკონკრეტა, რამდენი კლინიკა დაჯარიმდა და რამდენით.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის დროს დაჯარიმებულ კლინიკებს თანხის 20%-ის გადახდის შემთხვევაში დანარჩენი ჯარიმა ჩამოეწერება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პანდემიასთან დაკავშირებული ჯარიმების თემა აქტუალური ჯერ კიდევ 2022 წელს გახდა. მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კოვიდკლინიკებს ​თითოეულ ცარიელ საწოლზე 180 ლარს უხდიდა, მაშინ როცა დატვირთულობა 60%-იანი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო COVID-ის მართვაში ჩართულ კლინიკებს მილიონობით ლარს ედავებოდა.
„კოვიდ-პანდემიის პერიოდში, მთელ რიგ კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები, შემოწმების შედეგად. აქ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება უახლოეს მომავალში.
რამდენი კლინიკა დაჯარიმდა და რამდენით, პრემიერს არ დაუკონკრეტებია.
ამასთან ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჯარიმების მოცულობა არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ თანხა კლინიკების მიხედვით განსხვავებულია.
„ვფიქრობ, საკმაოდ მკაცრი იყო კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ფორმები და ეს უნდა შემსუბუქდეს. თემასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება და უახლოეს მომავალში საზოგადოებაც უფრო მეტ ინფორმაციას შეიტყობს დეტალების შესახებ“, - თქვა მინისტრმა.
2023 წლის მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა კორონავირუსის პანდემიის დასრულების შესახებ, რომელიც დაწყების შესახებ 2020 წლის მარტში განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის გართულებით 16.811 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანობაში, ქვეყანაში 2,9 მილიონზე მეტი აცრა გაკეთდა. საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია.
ყველა ახალი ამბავი
0