თბილისში პროფესიული განათლების კვირეული გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2024
გამოწერა
ღონისძიება მიზნად ისახავს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო დონეზე პარტნიორობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული გაიხსნა, რომელიც მიმართულია პროფესიული განათლების გაძლიერებისკენ და ამ სფეროში ახალი მიდგომების დანერგვისკენ, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
კვირეულის გახსნის ცერემონიას, რომელსაც ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი მასპინძლობს, ესწრებოდნენ განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი და პროფესიული უნარების სააგენტოს გენდირექტორი ირინე მარგიშვილი, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები.
„კვირეულის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები, მოეწყობა საგამოფენო სივრცე, სადაც მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას და განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართულ და საერთაშორისო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთობლივ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკის ჩამოყალიბებას და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულში საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო კოლეჯების წარმომადგენლები და პარტნიორი საერთაშორისო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებენ მონაწილეობას 10 ქვეყნიდან - მათ შორის: ესპანეთი, ლიეტუვა, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, უნგრეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ჩინეთი.
ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო დონეზე პარტნიორობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
ყველა ახალი ამბავი
0