რისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში? - პარტიის გეგმები

© Georgian Dreamირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი, ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი, ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2024
გამოწერა
საქართველოს მმართველი პარტიის გეგმები, პირველ რიგში, წინამორბედების დასჯას ითვალისწინებს
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის (3/4 მანდატის) მოპოვების შემთხვევაში თავისი გეგმები გაახმოვანა.
„ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებით მოკლევადიანი, 4-წლიანი ამოცანა წარმატებით შესრულდება - საქართველოში გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა.
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში კი შესრულდება გრძელვადიანი ამოცანა - საქართველოს ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება.
„ნაცმოძრაობის“ აკრძალვა
„ქართული ოცნება“ აპირებს სამართლებრივი პროცესის დაინიცირებას, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.
„არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს რევოლუციებისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში და გულხელდაკრეფილი ველოდოთ იმ ნაღმის აფეთქებას, რომელსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საშუალებით გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული რადიკალიზმი და პოლარიზაცია ჰქვია“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
ხელისუფლება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს პირველ რიგში ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების პარტიებს. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ნაცმოძრაობა“ და მისგან წასული პოლიტიკოსების პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახლი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“, ასევე „ლელო საქართველოსთვის“, „რესპუბლიკური პარტია და სხვ.
როგორც მმართველ პარტიაში აღნიშნეს, „კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წყობის დამყარების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეჟიმის გასასამართლებლად მყარი საფუძველი შექმნა განაჩენებმა, რომლებიც მძიმე დანაშაულებისთვის გამოუტანეს წინა ხელისუფლების უმაღლესი, საშუალო და ქვედა რგოლის წარმომადგენლებს, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს და სხვა თანამდებობის პირებს, ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა დონორებს არ დააფინანსონ დესტაბილიზაცია საქართველოში>>
„ქართული ოცნების“ თვალსაზრისით, ყოფილი მმართველი პარტიის გასამართლების კიდევ ერთი საფუძველია 2008 წლის აგვისტოს ომი და გასული წლების მანძილზე მიმდინარე პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, რომლებიც საქართველოს და ქართული ჯარის გამარჯვებით დასრულდა.
„ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნა, რომ 2008 წლის დანაშაულის მონანიების მაგივრად, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ექაჩებოდა და დღესაც ექაჩება საქართველოს ომისკენ.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს მორალურ დეგრადაციას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს გარე ძალებზე საქართველოს მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, ირჩევს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ირჩევს „ქართულ ოცნებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება
თუ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ის შეძლებს საქართველოს პარლამენტში უკვე ინიციირებული კონსტიტუციური კანონპროექტის „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მიღებას.
„ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება მსოფლიოში და საქართველოში თანდათანობით სულ უფრო საშიშ სახეს იძენს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ, რომელიც მკრეხელობის, ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ-პროპაგანდის ძალზე უხეშ, აღმაშფოთებელ ელემენტებს შეიცავდა, კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას იმ საფრთხის მასშტაბი, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას უკავშირდება.
„ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან და მისი ერთადერთი მიზანი ღირსებისგან, მორალისგან და ყოველგვარი იდენტობისგან ადამიანის სრული დაცლაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ იდეოლოგიის თანახმად, ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი. ადამიანმა არ უნდა იცოდეს საკუთარი ფესვები, საკუთარი ქვეყნის ისტორია, მას არ უნდა ჰქონდეს ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა.
„ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ამოცანა ყველაზე დაბალი რანგის მონის გამოყვანაა, რომელიც მანიპულირებას იოლად დაექვემდებარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
„არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
დასასრულს მმართველმა პარტიამ ამომრჩევლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე მაქსიმალური აქტივობისკენ მოუწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0