საეკლესიო კალენდარი: 17 აგვისტო

© photo: Sputnikწმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მონასტერი (ლურჯი მონასტერი)
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მონასტერი (ლურჯი მონასტერი) - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 აგვისტოს შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანეს, იამბლიხოსის, მარტინიანეს, იოანეს, დიონისეს, ექსაკუსტოდიანეს და ანტონინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
შვიდი ეფესელი ყრმა
სულ სამი წელი განაგებდა რომის იმპერიას დეკიუსი, მაგრამ მრავალი ქრისტიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ერთხელ იმპერატორი კართაგენიდან ეფესოში ჩავიდა, ქალაქის შუაგულში კერპები აღმართა და მსხვერპლი შესწირა, ორიოდე დღის შემდეგ კი მისი ბრძანებით ყველა ქრისტიანს მოუყარეს თავი და კერპთა თაყვანისცემა უბრძანეს.
იმ დროს ეფესოში შვიდი ქრისტიანი ყმაწვილი ცხოვრობდა. მაქსიმილიანე, იამბლიქოსი, მარტინიანე, იოანე, დიონისე, კონსტანტინე და ანტონინე. დიდებულთა ჩამომავლები იყვნენ, მაგრამ თავი როდი მოჰქონდათ ამით; პირიქით - თავმდაბლობით, მორჩილებით, ლოცვის სიყვარულით გამოირჩეოდნენ. შვიდივე ჯარში მსახურობდა. იმპერატორის ბრძანება რომ შეიტყვეს, მიწაზე დაემხნენ და ცრემლით იწყეს ლოცვა. ზოგიერთმა შეამჩნია ეს და დეკიუსს მოახსენა: ქრისტიანებს სხვაგან ეძებ, ისინი კი, აგერ, შენსავე ჯარში მსახურობენო. გაბრაზებულმა იმპერატორმა მათი შეპყრობა ბრძანა. როცა ახალგაზრდები მიჰგვარეს, მოსთხოვა, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ. რაზეც ყმაწვილებმა უარი განაცხადეს. მათ მოსაფიქრებლად დროს მისცეს, რადგან ახალგაზრდები იყვნენ და გაათავისუფლეს, დეკიუსი კი სხვა ქალაქში გაემგზავრა.
ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2024
საეკლესიო კალენდარი: 16 აგვისტო
ყრმები დაბრუნდნენ შინ, საიდუმლოდ აიღეს უამრავი ოქრო-ვერცხლი და გლახაკებს დაურიგეს, თვითონ კი ოქლონის მთაზე, დიდ მღვიმეში განმარტოვდნენ.
ახალგაზრდებმა კარგა ხანი დაყვეს მღვიმეში, განუწყვეტლივ ევედრებოდნენ უფალს ხსნას, ქალაქში კი პურის საყიდლად და ამბის შესატყობად იამბლიქოსს გზავნიდნენ.
ერთ დღეს იამბლიქოსმა იმპერატორის ეფესოში დაბრუნება იხილა და ისიც შეიტყო, რომ დეკიუსს მათი პოვნა ებრძანებინა. ყრმები მიწაზე დაემხნენ და დიდხანს ილოცეს. შემდეგ იამბლიქოსმა ტრაპეზი გაამზადა. ახალგაზრდები მცირედით დანაყრდნენ და მღელვარებისგან დაქანცულებს მიეძინათ. სახიერმა და კაცთმოყვარე ღმერთმა, რომელიც მუდამ ზრუნავს თავისი ეკლესიისა და ერთგულ მორწმუნეთათვის, ეს შვიდი ყრმა საკვირველი და უჩვეულო ძილით - სიკვდილის ძილით - მიაძინა. სული მათი ღვთის ხელთ იყო, სხეულები კი უხრწნელი და უცვლელი დარჩა.
განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, მღვიმის შესასვლელი ამოექოლათ, რათა ურჩი ქრისტიანები შიმშილით დახოცილიყვნენ. მეფის საძინებლის ორმა მცველმა, ფარულმა ქრისტიანებმა თეოდორემ და რუთინუსმა, შვიდი ყრმის მოწამებრივი აღსასრულის ამბავი აღწერეს, სპილენძის სკივრში ჩაასვენეს და მღვიმის შესასვლელში ფარულად ჩაფლეს იმ იმედით, რომ ოდესმე ვინმე მათ წმინდა ნაწილებს იპოვიდა.
მალე დეკიუსი გარდაიცვალა. მის შემდეგ რომის იმპერიამ მრავალი მმართველი გამოიცვალა, ყველა - ურჯულო და ქრისტეს მოძულე, მაგრამ მოვიდა დრო და კონსტანტინე დიდმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
ანჩისხატი - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2024
საეკლესიო კალენდარი: 15 აგვისტო
გამოხდა ხანი, ტახტზე თეოდოსი მცირე (408-450) ავიდა. სწორედ იმ ხანებში გამოჩნდნენ ერეტიკოსები, რომელთაც მკვდრეთით აღდგომის არ სწამდათ. თვით ეპისკოპოსნიც კი ამბობდნენ, აღსასრულის ჟამს ხორცთან ერთად სულიც კვდებაო. ამ ამბებმა თეოდოსი დიდად შეაწუხა, ცრემლით ევედრებოდა ღმერთს, ეხსნა ეკლესია ამ საცდურისგან. უფალმაც შეისმინა მართალთა ვედრება და მოახდინა უდიდესი სასწაული, რათა ყველასთვის თვალსაჩინო გამხდარიყო საიდუმლო მკვდრეთით აღდგომისა და საუკუნო სიცოცხლისა - ორასი წლის შემდეგ გააღვიძა ღმრთივმიძინებული ყრმები.
ყმაწვილებმა პირველად დილის ლოცვები აღავლინეს, მერე კი ერთმანეთს მიესალმნენ. იტყოდით, ჩვეულებრივი ღამის ძილისგან გამოფხიზლდნენო, რადგან გარეგნულად არაფერი ეტყობოდათ, სამოსიც კი მაშინდელივით ახალთახალი ეცვათ.
იამბლიქოსმა აიღო ფული და გზას გაუდგა. მღვიმის გასასვლელთან ქვები დაინახა მოგროვილი. ვინმე ადოლს, ოქლონის მთის ახლანდელ მფლობელს, რომელმაც ეფესელ ყრმებზე არაფერი იცოდა, ქვების ნაწილი ყორის გასაკეთებლად წაეღო, ისე რომ, მღვიმეში კაცის შესაძრომი ხვრელი გაკეთდა. წმინდა იამბლიქოსი დაეშვა მთიდან, მიუახლოვდა ქალაქს და რას ხედავს: ყველგან უმშვენიერესი, დიდებული ხელოვნებით ნაკეთები პატიოსანი ჯვრებია აღმართული, ხალხი კი ქრისტეს სახელს იფიცავს. "გუშინ აქ ქრისტიანებს აწამებდნენ, დღეს კი უფალს ადიდებენ... შენობებიც სხვანაირია და ადამიანებსაც სხვანაირად აცვიათ. მხარი ხომ არ მეცვალა, იქნებ სხვა ქალაქიაო?!" - იფიქრა იამბლიქოსმა და ამ ქალაქს რა ჰქვიაო, იკითხა. ეფესოო, მიუგეს. წმინდა ყრმამ არ დაიჯერა, მაგრამ არაფერი თქვა - იფიქრა, პურს ვიყიდი და მაშინვე უკან წავალ, გზა რომ არ დამებნესო. მივიდა მეპურესთან და ვერცხლი მიაწოდა. ხაბაზმა მონეტა შეათვალიერა და მეზობელს აჩვენა. ყველას გაუკვირდა მისი სიძველე.
შიო მღვიმე - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2024
საეკლესიო კალენდარი: 14 აგვისტო
ქალაქში ხმა გავარდა, ვაჭრებმა ვიღაც უცნობი ყმაწვილი დაიჭირეს, რომელსაც განძი აქვს გადამალულიო. ამ ამბავმა ქალაქის თავის ყურამდეც მიაღწია. იმ დროს ის ეპისკოპოსს რაღაც საქმეზე ეთათბირებოდა. „ბიჭი აქ მოგვგვარეთო", - ბრძანეს ქალაქის თავმა და მწყემსმთავარმა. ბრძანება მყისვე შეასრულეს. ქალაქის თავმა და ეპისკოპოსმა ფული შეათვალიერეს და იამბლიქოსს ჰკითხეს: „საიდან გაქვს ეს განძიო?" „მშობლების სახლიდან წამოვიღე. ან რა გასაკვირია, მქონდეს - ქალაქში ხომ ამით ვაჭრობენო", - უპასუხა ყრმამ. „სადაური ხარ, შვილო?" - ჰკითხა ქალაქის თავმა. „ვფიქრობ, აქაურიო", - მიუგო წმინდანმა. ჰკითხეს ვინაობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის მშობლებსა თუ ნათესავებს არავინ იცნობდა. "რაღაცას გვატყუებ, - განრისხდა ქალაქის თავი, - ამ ფულს მშობლებს როგორ გამოართმევდი, როცა მონეტაზე იმპერატორი დეკიუსია გამოსახული?! ნუთუ შენი მშობლები იმდენად ხანდაზმულნი არიან, რომ დეკიუსიც ახსოვთ და იმდროინდელი ფულიც აქვთ? ახლა ციხეში მიგაბრძანებთ და სანამ სიმართლეს არ იტყვი, იქ იქნებიო". ქალაქის თავის სიტყვებმა იამბლიქოსი განაცვიფრა, „გევედრებით, წამომყევით ოქლონის მთის მღვიმეში, - სთხოვა წმინდანმა, - ჩემს მეგობრებს გაჩვენებთ და დარწმუნდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავექეცით დეკიუსს და მღვიმეში დავიმალეთ. დეკიუსი კი სწორედ გუშინ ვნახე, ეფესოში რომ შემოდიოდაო".
ეპისკოპოსი ჩაფიქრდა. „ღმერთს ამ ყრმის მიერ რაღაც დიდი საიდუმლოს განცხადება სურს, წავიდეთ, გავყვეთო", - თქვა ბოლოს.
წმინდა იამბლიქოსი მღვიმისკენ გაემართა. უკან უამრავი ხალხი გაჰყვა. გამოქვაბულის შესასვლელი რომ გააფართოვეს, ის სპილენძის სკივრი იპოვეს, სადაც შვიდი ეფესელი ყრმის ამბის აღმწერი ხელნაწერი ესვენა, მღვიმეში კი ექვსი მოწამე იხილეს, მშვენიერნი, დიდებულნი და ღვთის მადლით მოსილნი. ეპისკოპოსმა, ქალაქის თავმა და სხვა ეფესელებმა მუხლნი მოიდრიკეს მათ წინაშე და უფალს მადლობა შესწირეს ამ სასწაულისთვის.
იმპერატორი ერთი კვირა დარჩა წმინდანებთან, ემსახურებოდა, მათთან ერთად იყოფდა ტრაპეზს. შემდეგ კი წმინდანებმა ყველას თვალწინ დახუჭეს თვალები და მიიძინეს. თეოდოსიმ გადაწყვიტა, ცხედრები ოქროს კუბოთი გადაესვენებინა, მაგრამ იმავე ღამეს წმინდანები გამოეცხადნენ და უბრძანეს, მათი სხეულებისთვის ხელი არ ეხლო. მრავალმა საეკლესიო პირმა აღწერა წმინდა ყრმათა ამბავი. მათი უხრწნელი სხეულების შესახებ უკანასკნელი ცნობა მეთორმეტე საუკუნეში მოღვაწე იღუმენ დანიელს ეკუთვნის. წმინდა ნაწილთა შემდგომი ხვედრი უცნობია.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0