სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ ორივე საქმე წააგო

© AFP 2024 / FREDERICK FLORINსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2024
გამოწერა
საუბარია დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემასა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეზე მისი უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ, ნათქვამია სასამართლოს მასალებში.
საუბარია სააკაშვილის საჩივრებზე საქმეებზე, რომლებიც ეხება 2005 წელს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემასა და 2008 წელს ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალებას.
გელაშვილის საქმეზე ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენების ორგანიზებისთვის, ხოლო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის - 3 წლიანი პატიმრობა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, სააკაშვილს 6 წელი მიესაჯა. ის სასჯელს 2021 წლიდან იხდის.
პოლიტიკურად ყველაზე სენსიტიურ და იურიდიულად ყველაზე რთულ წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე დამკვირვებლის ფუნქციას ასრულებდა კრიმინალურ გამოძიებათა საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი.
ეს საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა 2014 წელს და შედგებოდა სამი უცხოელი და მაღალკვალიფიციური სისხლის სამართლის პროფესიონალისაგან.
სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა სააკაშვილის საჩივრებთან დაკავშირებით
კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ ორივე შემთხვევაში მიუღებლად მიიჩნია სააკაშვილის საჩივრები ადამიანის უფლებების კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის თაობაზე, რომლის თანახმადაც „დაუშვებელია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნებისათვის, რისთვისაც ისინი იქნა გათვალისწინებული.“
სააკაშვილის აცხადებდა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და რომ მისი უფლება (სამართლიანი სასამართლო გარკვევის) არამართლზომიერად შეიზღუდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სააკაშვილის საჩივარი იყო არასაკმარისად დასაბუთებული და მასში არ იყო მითითებული კონკრეტული ფაქტები.
გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეში ევროსასამართლომ ვერ აღმოაჩინა დარღვევა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის, სადაც ნათქვამია, რომ „ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ“.
სააკაშვილის დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძე, რომელიც მის საქმეს განიხილავდა, არ შეიძლებოდა მიუკერძოებელი ყოფილიყო, რადგან 2006 წელს ის იყო იმ მოსამართლის თანაშემწე, რომელიც თავად გირგვლიანის მკვლელობის საქმეს განიხილავდა.
ბრეგაძე: სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელი გამოიხმო>>
ვერცერთ საქმეში სტრასბურგის სასამართლომ ვერ დაინახა მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტის დარღვევა (ამ პუნქტში საუბარია ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა შეგროვებაზე).
სააკაშვილის დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ გამოტანილი განაჩენი ეფუძნებოდა შეუმოწმებელ ჩვენებებს და სხვა არასანდო მტკიცებულებებს.
სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი საქმის სამართლიანი განხილვის უფლების გარანტიას იძლევა, ის არ ადგენს არანაირ წესებს მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით. ამას პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობა არეგულირებს.
კონვენციის მე-6 მუხლის 3 ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ყოველ ბრალდებულს აქვს უფლება „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში“.
სტრასბურგის სასამართლოს სასამართლო კოლეგიამ ყველა ზემოდ ხსენებული გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
სტრასბურგის სასამართლომ ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ დაადგინა, რომ გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეში კონვენციის არც მე-7 მუხლი არ დარღვეულა. ამ მუხლში ნათქვამია, რომ „არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული რაიმე დანაშაულში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა დანაშაულის ჩადენის დროს“.
სააკაშვილის დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ შეწყალების უფლება აბსოლუტურია და შიდა კანონმდებლობის თანახმად არანაირ შეზღუდვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, მისთვის არ იყო შესაძლებელი გაეთვალისწინებინა, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებას, რომელიც მას მიენიჭა პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის გამო, შესაძლოა გამოეწვია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ამავდროულად, ამ მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ სააკაშვილი მანამდე დაჰპირდა შეწყალებას 4 ყოფილ ძალოვანს, რათა სანაცვლოდ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მათი დუმილი არ დაერღვიათ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ამასთან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0