აყირავების მცდელობა - პაპუაშვილმა საგარეო საქმეთა ევროპელი მინისტრების გამოსვლა შეაფასა

© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2024
გამოწერა
ბალტიელი პარტნიორების მთავრობების ზოგიერთი წარმომადგენელი მეტისმეტად შორს გაიტაცა საკუთარმა რიტორიკამ, აღნიშნა პაპუაშვილმა
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა თბილისის ცენტრში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, საუკეთესო შემთხვევაში ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობაა, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს მიმართეს. ჩვენ ყველამ უნდა ვისაუბროთ საქართველოს ევროპული მომავლის საფრთხეზე ამჟამინდელი პოლიტიკის გამო, სანამ გვიანი არ არის, მიმართა შეკრებილებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ევროპელი მინისტრები ყველა შეხვედრაზე აკრიტიკებდნენ კანონპროექტს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მთავრობის წარმომადგენლები კი, პრეზიდენტის გარდა, არწმუნებდნენ მათ საქართველოში მსგავსი კანონის მიღების აუცილებლობაში.
„უცხოელი ოფიციალური პირების მიერ ამ პროტესტში მონაწილეობა, საქართველოს სუვერენიტეტისა და დიპლომატიური პრაქტიკის უგულებელყოფით და „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების“ სახელით, უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში - ქვეყნის აყირავების მცდელობა“, - დაწერა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრული ჟესტია.
„საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
მიმართო აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებსაც რადიკალური ოპოზიციური პარტიები მთავრობის წინააღმდეგ მართავენ და უწოდო მათ „მთელი ერი“ ეს არაა ის საქციელი, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოელი.
„თანაც, ხელი შეუწყო დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობას იმის გამო, რომ მის მიერ მიღებული კანონმდებლობა არ მოგწონს, საბჭოთა სახელმძღვანელოდან გადმოწერილს ჰგავს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კალაძე: საქართველოში „დონორების რევოლუციის“ მოწყობას ცდილობენ>>
პაპუაშვილის შეფასებით, ბალტიელი პარტნიორების მთავრობების ზოგიერთი წარმომადგენელი მეტისმეტად შორს გაიტაცა საკუთარმა რიტორიკამ.
„სამყაროს შავ-თეთრად წარმოდგენამ ისინი მიიყვანა მდგომარეობამდე, რომელშიც ყველა, ვინც მათ რიტორიკას არ ეთანხმება, ავტომატურად მტრად იქცევა; მტერს ნებისმიერი საშუალებით უნდა გაუსწორდე; და ამიტომაც, დიპლომატია პროპაგანდით უნდა ჩაანაცვლო“, - აღნიშნა პაპუაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ დიდი ხანია დაამტკიცა ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ. თუმცა დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნატოს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალი გამოწვევების დაძლევა საქართველოს მეტწილად მარტოს უხდება.
„ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, მათ შორის, რადიკალურ ჯგუფებშიც“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალების“ კანონმდებლობა ამ გამოწვევის საპასუხოდაა მიღებული, რომელსაც, პაპუაშვილის თქმით, აქვს პრეცედენტი დასავლეთში და დემოკრატიული მმართველობის ფარგლებშიც ჯდება.
„ამ კანონის მონათვლა „რუსულად“ მას არადემოკრატიულად არ აქცევს. მეტიც, არ ამართლებს საქართველოს მთავრობაზე თავდასხმას. ზოგი, ვისაც კანონი შეეხება, მას აპროტესტებს. პროტესტი, ხშირად, რადიკალური და ძალადობრივია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ამავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არსებობს ცვლილებების განხორციელების შანსი, თუ ვეტოს, რომლის დადებასაც პრეზიდენტი გეგმავს კანონპროექტზე, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული სამართლებრივი შენიშვნები დაერთვება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
ცნობილია, თუ როდის დაადებს პრეზიდენტი „გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტოს>>
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
ყველა ახალი ამბავი
0