კალაძე: საქართველოში „დონორების რევოლუციის“ მოწყობას ცდილობენ

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2024
გამოწერა
2014 წელს უკრაინაში რევოლუცია მოხდა და ახლა, როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველანი ვხედავთ რა მდგომარეობაშია ის.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. პროცესები, რომლებიც თბილისის ცენტრში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე მიმდინარეობს, ანალოგიურია უკრაინაში 2014 წლის მოვლენების, ეს არის „დონორების რევოლუციის“ ორგანიზების მცდელობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძე.
15 აპრილიდან თბილისში ყოველ დღე საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციებს ახლავს პოლიციასთან შეტაკებები და რამდენჯერმე ისინი ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები, ასევე დასავლეთი.
„დღეს, 2024 წელს „დონორების რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა აქვთ. ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება, ანალოგიურია იმ პროცესების, რაც უკრაინაში 2014 წელს ხდებოდა. აქციის შინაარსი, პერფორმანსები ერთი-ერთში აკერმანის (ამერიკელი კოუჩის, პიტერ აკერმანის - რედ.) სახელმძღვანელოდან არის. კიდევ იქ არიან ჩარჩენილნი და ისევ იმ მეთოდებით ცდილობენ რევოლუციის მოწყობას“, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, 2022 წელს აკერმანი ოპოზიციური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური ტელეარხებისთვის რევოლუციების განხორციელების თემაზე ტრენინგს ატარებდა.
2014 წელს უკრაინაში რევოლუცია მოხდა და ახლა, როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველანი ვხედავთ რა მდგომარეობაშია ის.
„შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვუთხრა - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ - უკრაინიზაცია საქართველოში ვერ მოხდება... არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, სანქციებს შევუერთდეთ და ა.შ. ვერც ამერიკა, ვერც ევროპა და ვერც რუსეთი ჩვენი ბატონი ვერ იქნება. ჩვენი ბატონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით საქართველო მხოლოდ დაზარალდებოდა. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ასრულებს საერთაშორისო შეზღუდვებს, მაგრამ ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ეს სიცრუეა და ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
ამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მმართველ პარტიაში უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას", რომელიც, საქართველოსა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ცდილობს ვითარების არევას, რევოლუციის მოწყობას და, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყნის ჩათრევას ომში.
„რა თქმა უნდა, აქციებზე დგას ადამიანების ნაწილი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის რადიკალურ ფრთასთან არ უნდა გავაიგივოთ. ასევე, იქ დგანან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დონორებისგან ფინანსდებიან და ეს ყველაფერი გაუმჭვირვალეა. არავინ იცის, საიდან და რისთვის ფინანსდებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით, ისინი ერთი ხელით კარგ პროექტებს აფინანსებენ და ამას ჯანსაღი ადამიანი რანაირად შეეწინააღმდეგება? ყველა მსგავსი პროექტი მისასალმებელია, აღნიშნა კალაძემ.
„არის შავი ფულის შემოდინება, რაც არ უნდათ გამჭვირვალე იყოს, რადგან ექსტრემისტულ ორგანიზაციებს ვეღარ დააფინანსებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
ყველა ახალი ამბავი
0