პრემიერი - საქართველო თავის ეკონომიკურად ძლიერ მომავალს აშენებს

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2024
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა ქვეყანა რეგიონულ ჰაბად გარდაიქმნას, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველო, მრავალი პროექტისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის როლის წყალობით, აშენებს ძლიერ ეკონომიკურ მომავალს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრაზე.
აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმში 68 ქვეყნის 4000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის ADB-ის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.
„ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის. ამ ხედვას აძლიერებს ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც საქართველოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ხიდად აქცევს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ტრანზიტული როლის გასაძლიერებლად საქართველო ინტენსიურად აშენებს აღმოსავლეთ-დასავლეთ და სამხრეთ-ჩრდილოეთის საავტომობილო ინფრასტრუქტურას. ამ კუთხით მან გამოყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტები.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში რეგიონული ჰაბის შექმნას მხარს უჭერს>>
„ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოს განვითარებას და ამ საპასუხისმგებლო საქმეში კარგად ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე, გლობალურად დაკავშირებულ მსოფლიოში ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება პარტნიორების გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
ამ მიმართულებით მან აზიის განვითარების ბანკის განსაკუთრებული როლი გამოყო.
„ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მრავალფეროვანი პორტფელი ჩამოგვიყალიბდა როგორც სუვერენულ, ისე კერძო სექტორში. ჯამურად, 4.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიმართება ისეთი მნიშვნელოვანი სექტორების და პროექტების დაფინანსებაზე, როგორიცაა ჩქაროსნული მაგისტრალები, ელექტროგადამცემი ხაზები, სხვადასხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა“, - განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აზიის განვითარების ბანკში დონორი ქვეყნის სტატუსით სარგებლობს.
„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიზანდასახულობას და საქართველოს განვითარების შეუქცევადობას. მეგობრებო, ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი, ისევე, როგორც ლოგისტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სერვისების ჰაბი შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა კობახიძემ.
ამგვარად, ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია, აღნიშნა პრემიერმა.
„ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი რეფორმებისა და პროექტების განხორციელებას უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის და ამ პროცესში აზიის განვითარების ბანკის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა ქვეყანა რეგიონულ ჰაბად გარდაიქმნას.
„ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოს მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში, რათა სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ალტერნატიულ მარშრუტებს დაუთმო და გააკეთა აქცენტი „შუა დერეფანზე“, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას საქართველოდან ევროპისკენ და ასევე საქართველოსა და ევროკავშირის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლაზე მუშაობას.
„შუა დერეფანი“ სულ უფრო პოპულარული ხდება - საქართველოს ვიცე-პრემიერი>>
ADB მხარს უჭერს საქართველოს 2007 წლიდან და ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი პარტნიორია, რომელიც ქვეყნის განვითარებას უწყებს ხელს. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური მოცულობა 4,7 მილიარდი დოლარია.
ADB-ის განვითარების პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირი და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ყველა ახალი ამბავი
0