„შუა დერეფანი“ სულ უფრო პოპულარული ხდება - საქართველოს ვიცე-პრემიერი

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილის გამოსვლა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში თბილისში მიმდინარე სემინარის გახსნაზე.
ლევან დავითაშვილის გამოსვლა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში თბილისში მიმდინარე სემინარის გახსნაზე. - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2024
გამოწერა
სტრატეგიული ინვესტიციები მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის როლის გაძლიერებას, განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. „შუა დერეფანი“ სწრაფად იძენს პოპულარობას, როგორც არაჩვეულებრივი ალტერნატივა ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ნაკადების გასაადვილებლად, განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში თბილისში მიმდინარე სემინარის გახსნაზე.
შუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
„მიმდინარე რთული გლობალური ლანდშაფტისა და მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციის მზარდი საჭიროების ფონზე, შუა დერეფანი სწრაფად იძენს პოპულარობას, როგორც არაჩვეულებრივი ალტერნატივა ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ნაკადების გასაადვილებლად შავი ზღვის პორტების ან სახმელეთო მარშრუტების მეშვეობით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, „შუა დერეფნის“ გაფართოებისთვის საქართველო აქტიურად ავითარებს ქვეყნის სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ა.შ.
„ეს სტრატეგიული ინვესტიციები მიზნად ისახავს გააძლიეროს საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი ხიდის როლი ევროპასა და აზიას შორის, ამავე დროს უზრუნველყოს შესაბამისი შესაძლებლობები მუდმივად მზარდი სატრანსპორტო ნაკადების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას ენერგეტიკული კავშირების კუთხით. მისი თქმით, ყველაზე ამბიციურია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რეგიონულ დაკავშირებულობას გააძლიერებს.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
„ამ ფლაგმანი პროექტის მნიშვნელობა როგორც ევროპისთვის, ასევე კავკასიისთვის არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს - ის არამხოლოდ მომარაგების მარშრუტების დივერსიფიკაციას და მიწოდების რისკების შემცირებას ემსახურება, არამედ აქვს დიდი პოტენციალი, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
როგორც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა აღნიშნა, ეს არ არის მარტივად ენერგიის გამტარი კაბელი, არამედ ეს არის კაბელი, რომელიც რეალურად შესაძლებლებს გახდის სუფთა ენერგიის განვითარებას საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში და შესაძლებელს გახდის ენერგოვაჭრობას ევროპასთან.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი სივრცეა, რომელიც განვითარდება და მობილიზდება კერძო სექტორის დახმარებით. ჩვენ აქ ვხედავთ ზრდის შესაძლებლობას, ვხედავთ შესაძლებლობას სამუშაო ადგილების გაჩენისთვის და რეგიონული კავშირების გამყარებისთვის და შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადობას“,- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.
აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმში 68 ქვეყნის 4000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის ADB-ის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.
ყველა ახალი ამბავი
0