რა ელის თბილისის აეროპორტს ვაზიანში ახლის გახსნის შემდეგ?

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2024
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება მიიღო
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ვაზიანში ახალი აეროპორტის გახსნის შემდეგ, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაიხურება, იუწყება მედიაპლატფორმა BMG ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით.
როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტეს, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედების შემდეგ ახლანდელი აეროპორტის ტერიტორიაზე „ანალოგიური ფუნქციების მქონე ობიექტი აღარ იარსებებს“.
გარდა ამისა, უწყებაში განმარტეს, რომ გააჩნიათ „პირველადი წარმოდგენა, არსებულმა აეროპორტმა და მისმა ინფრასტრუქტურამ, როგორც ახალმა საინვესტიციო პროექტმა საქართველოს ეკონომიკაში რა მოცულობის კონტრიბუცია შეიძლება შეიტანოს“.
„აღნიშნულის საფუძველზე, ჩვენ ჩავატარებთ ახალ კვლევას და დავადგენთ, ამ ტერიტორიის რა მიმართულებით განვითარება იქნება საინვესტიციო და სხვა მიზნებისთვის უფრო მეტად პრიორიტეტული და ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მეტად მოგებიანი“, - აცხადებენ სამინისტროში.
ახალი აეროპორტი
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდეს.
მთავრობაში განაცხადეს, რომ სურთ გრძელვადიანი პროექტის განხორციელება, რათა მომავალ თაობებს დარჩეს გამართული აეროპორტი შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მლრდ 260 მლნ დოლარია. არსებული აეროპორტის გაფართოება ქვეყანას 900 მლნ დოლარი დაუჯდებოდა, რაც იძლეოდა მგზავრთნაკადის მაქსიმუმ, 15 მილიონ მგზავრამდე გაზრდის საშუალებას, შემდგომი განვითარების პერსპექტივის გარეშე. ახალი აეროპორტის მშენებლობა კი იძლევა მგზავრების რაოდენობის 19 მილიონამდე გაზრდის შესაძლებლობას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით.
შედარებისთვის: არსებულმა აეროპორტმა 2023 წელს 3,7 მილიონ მგზავრს უმასპინძლა.
ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ახალი აეროპორტი სერიოზულ ეკონომიკურ ეფექტს გამოიწვევს - გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდება მშპ.
ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
რატომ არის უფრო მომგებიანი თბილისში ახალი აეროპორტის აშენება - ADB-ს წარმომადგენელი>>
ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.
ეკონომიკის სამინისტრომ 2024 წლის ბიუჯეტიდან საქართველოში აეროპორტების განვითარებისთვის 70 მილიონი ლარი გამოყო. თანხა ქუთაისის, თელავისა და ვაზიანის აეროპორტების განვითარებას მოხმარდება.
ყველა ახალი ამბავი
0