რატომ არის უფრო მომგებიანი თბილისში ახალი აეროპორტის აშენება - ADB-ს წარმომადგენელი

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიAirbus A320
Airbus A320 - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2024
გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ტურიზმის განვითარებისა და სამგზავრო მიმოსვლის ზრდის ფონზე თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობა უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება, რომელსაც შესაძლებლობების ზრდა შეზღუდული აქვს, განაცხადა აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენელმა გიორგი კიზირიამ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება.
„ჩვენ თუ გავაკეთებთ გარკვეულ გათვლებს აეროპორტზე, რომელიც აღმოჩნდება შემდეგ, რომ არ გავთვალეთ საკმარის რაოდენობაზე მგზავრთნაკადის, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც გავაფართოებთ არსებულ აეროპორტს, რომელსაც ახლო მომავალში აღარ ექნება საკმარისი გამტარუნარიანობა და მოგვიწევს ისევ ახალი აეროპორტის მშენებლობა და ორჯერ გადავიხდით თანხას. აქედან გამომდინარე, კვლევიდან და ციფრებიდან ძალიან ცხადად ჩანს, რომ მიზანშეწონილია ახალი აეროპორტის აშენება“, - განაცხადა კიზირიამ.
მისი თქმით, თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოება შესაძლებელია, მაგრამ იმ მოცულობების მიღება, რომელი მოცულობების მიღებასაც შეძლებს ახალი აეროპორტი, ძველი აეროპორტის შემთხვევაში არ იქნება შესაძლებელი, რადგან იქ გარკვეული შეზღუდვები არსებობს.
როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა დაახლოებით 4-4,5 მლნ მგზავრია. არსებული აეროპორტის გაფართოების შემთხვევაში - სამშენებლო ხარჯები, დაახლოებით, 900 მლნ დოლარი იქნებოდა, რაც იძლეოდა მგზავრთნაკადის მაქსიმუმ, 15 მილიონ მგზავრამდე გაზრდის საშუალებას, შემდგომი განვითარების პერსპექტივის გარეშე. ახალი აეროპორტის მშენებლობა კი იძლევა მგზავრების რაოდენობის 19 მილიონამდე გაზრდის შესაძლებლობას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით.
საქართველოს აეროპორტების ასოციაციამ, მთავრობის დავალებით წლის განმავლობაში არაერთი კვლევა ჩაატარა, რომელშიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა უწყების და კერძო სექტორის, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
„მოგეხსენებათ, ტურიზმი არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც საკმაოდ გაზარდა აეროპორტებში მგზავრთა ნაკადები, განსაკუთრებით, თბილისის აეროპორტში. აქედან გამომდინარე, ნათლად გამოიკვეთა საჭიროება დამატებით სიმძლავრეებისა აეროპორტში. განხილული იქნა რამდენიმე ვერსია, მათ შორის არსებული აეროპორტის გაფართოება, ისევე როგორც ახალი აეროპორტის მშენებლობა, კონკრეტულად ვაზიანის ვარიანტი“, - განაცხადა კიზირიამ.
მისი თქმით, ეს იყო აზიის განვითარების ბანკის კვლევის პირველი ეტაპი და მუშაობა შემდგომშიც გაგრძელდება. ორგანიზაციამ უკვე დაიწყო მუშაობა აეროპორტის ახალი მასტერ-გეგმის შემუშავებაზე, რის დასრულებასაც 2024 წლის განმავლობაში აპირებს.
ახალი აეროპორტის საჭიროება
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანას ჰქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც ასევე იქნება სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით, განაცხადეს მთავრობაში.
ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით. ეს კომპანია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.
საქართველოს აეროპორტების განვითარებაზე ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოეყო. თანხა ქუთაისის, თელავისა და ვაზიანის აეროპორტების განვითარებას მომხარდება.
ყველა ახალი ამბავი
0