ჯანდაცვა: საქართველოში მეტადონის პროგრამით 12 ათასი ადამიანი სარგებლობს

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიSynthetic drugs
Synthetic drugs - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2024
გამოწერა
მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ხვდებიან 21 წელს ზემოთ ნარკოდამოკიდებული პირები
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით 12 ათასმა ნარკოდამოკიდებულმა პირმა ისარგებლა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უფასო პროგრამა, რომლის ფარგლებში პაციენტებს ნარკოტიკის ნაცვლად რეგულარულად მეტადონს უნიშნავენ, საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს.
ჯანდაცვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 მარტის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარების შემდეგ დეტოქსიკაციისა და რეაბილიტაციის პროგრამით 396-მა პირმა ისარგებლა.
მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ხვდებიან დადასტურებული სამედიცინო დიაგნოზის - „ნარკოდამოკიდებული" - მქონე 21 წელს ზემოთ პირები.
პროგრამა ხელმისაწვდომია თბილისში, თელავში, ოზურგეთში, ფოთში, ქუთაისში, ზესტაფონში, საჩხერეში, გორში, ბორჯომში, ქობულეთსა და ბათუმში. თბილისში, ქუთაისსა და ქობულეთში, მეტადონის პროგრამასთან ერთად, ხელმისაწვდომია სუბოქსინით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა.
საქართველო და ნარკომანია
საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია მკაცრად რეგულირდება. ეს ქმედება ერთ-ერთი მკაცრად დასჯადი დანაშაულია, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომით - უვადო თავისუფლების აღკვეთითაც კი ისჯება.
შსს-ის ცნობით, 2023 წელს დააკავეს 284 ნარკორეალიზატორი, 2020 წელს კი აღნიშნული დანაშაულისთვის დაკავებულთა რაოდენობა მხოლოდ 71 იყო. ამასთან, 2023 წელს ნარკოდანაშაულისთვის აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობამ 6.594 შეადგინა, მაშინ როცა 2020 წელს მათი რიცხვი მხოლოდ 3.452 იყო.
საქართველოში აკრძალული ნარკოტიკულ საშუალებათა სია მუდმივად ნახლდება, ბოლო ინფორმაციით მასში შედის 193 სახის ნივთიერება და მათი კომპონენტები.
ამასთან, პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების შენახვა, რომლის დოზაც თითოეულ სახეობაზე ინდივიდუალურად განისაზღვრება, მხოლოდ ჯარიმით ისჯება. პირადი მოხმარებისთვის მითითებულზე მაღალი დოზის შენახვა კი სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 6 წლით.
მარიხუანის შემთხვევაში სასჯელი გაცილებით ლიბერალურია. საქართველოში მარიხუანის შენახვა და მოწევა კვლავ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად რჩება. მოწევის შემთხვევაში საუბარია საზოგადოებრივ ადგილებში მოხმარებაზე, მათ შორის, ქუჩაში, ეზოში ან ბავშვების თანდასწრებით. ჯარიმა შენახვისთვის 500 ლარს შეადგენს, ხოლო მოწევისთვის, ადგილისა და დარღვევის სახის მიხედვით, 500-დან 1.500 ლარამდე.
ყველა ახალი ამბავი
0