პროტესტის მესამე დღე: შსს დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerვითარება მთავრობის კანცელარიასთან
ვითარება მთავრობის კანცელარიასთან - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2024
გამოწერა
ამ დროისთვის მთავრობის შენობასთან ვითარება დაძაბულია - ოპოზიციის ლიდერები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ
თბილისი 18 აპრილი — Sputnik. პოლიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ორი მონაწილე პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვასთან დაკავშირებით სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტთან უკვე მესამე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებიან ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ქვეყნის დასავლელი პარტნიორები.
„აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი", - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
„თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დროისთვის მთავრობის შენობასთან ვითარება დაძაბულია - ოპოზიციის ლიდერები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას და კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ. პერიოდულად აქციის მონაწილეები შენობის შესასვლელთან პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა - კენჭისყრაში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
ყველა ახალი ამბავი
0