კობახიძემ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი განიხილა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2024
გამოწერა
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ღია განხილვისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მანამდე კობახიძემ აშშ-ის, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში საჯარო განხილვა შესთავაზა. მისი თქმით, საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას „კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ".
„მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის, რათა ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას.
კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგანი, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0