კობახიძე ჩინეთის დელეგაციას შეხვდა: რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2024
გამოწერა
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისში ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუ ხელმძღვანელობს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ნაყოფიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას, რაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაფორმდა.
ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად მიმდინარე წლის აპრილში გაფორმდა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ყოფნას 30 დღის მანძილზე შეძლებენ - შეთანხმება ძალაში შევა ორივე მხარის მიერ შიდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ.
საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი კი 2023 წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედდა.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვარში შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ჩინეთში ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. 2024 წლის იანვარში ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ 96,4 მლნ დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0