როდის იქნება შესაძლებელი თბილისის ახალი აეროპორტიდან ფრენების განხორციელება

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2024
გამოწერა
ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენების შესახებ გადაწყვეტილება 6 აპრილს გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. თბილისის ახალი აეროპორტიდან ფრენების განხორციელება, სავარაუდოდ, 2028 წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევის ამბიციური გეგმების თაობაზე განცხადება ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის ზაფხულში გააკეთა. მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავდა – არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ყოფილი ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახლის აშენებას.
როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 6 აპრილს გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან. აეროპორტის მშენებლობის ღირებულება, დაახლოებით, 1 მლრდ 260 მლნ დოლარი იქნება.
„ჩვენი ამოცანაა, 2025 წლის ბოლოს გვქონდეს სრულყოფილი გეგმა, რომელიც სამშენებლო ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი ვარაუდით, აეროპორტის მშენებლობას 3 წელი დასჭირდება და 2028 წლის ბოლოსთვის შევძლებთ გვქონდეს სრულყოფილი, თანამედროვე, ახალი ინფრასტრუქტურა, რათა პირველი ფრენები განხორციელდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი საერთაშორისო აეროპორტი რუსთავის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.
„აეროპორტი არ არის მხოლოდ საავიაციო მომსახურება. თითოეულ აეროპორტს აქვს ბევრი სხვადასხვა დამხმარე სერვისი თუ მომსახურება, რომელიც ბევრ ადამიანს ასაქმებს. ვფიქრობ, ეს დამატებითი პლუსი იქნება, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი აგლომერაციის ჩამოყალიბებას თბილისსა და რუსთავს შორის, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხითაც. გამარჯვებიდან რუსთავამდე მონაკვეთი გაივლის ახალი აეროპორტის ტერიტორიას“,- განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, პროექტი იმდენად მიზანშეწონილია, რომ შეძლებენ დაფინანსების მოძიებას არასუვერენული არხებით, სუვერენული წნეხის გარეშე - ეს 1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის პროექტია. სრული ორი ფაზა, მილიარდ1,2 მილიონ დოლარამდე დაჯდება. დასძიმა მინისტრმა.
თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი - რა განიხილეს ეკონომიკურ საბჭოზე>>>
როგორც დღეს პრემიერმა განმარტა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა დაახლოებით 4-4,5 მლნ მგზავრია. არსებული აეროპორტის გაფართოების შემთხვევაში - სამშენებლო ხარჯები, დაახლოებით, 900 მლნ დოლარი იქნებოდა, რაც იძლეოდა მგზავრთნაკადის მაქსიმუმ, 15 მილიონ მგზავრამდე გაზრდის საშუალებას, შემდგომი განვითარების პერსპექტივის გარეშე. ახალი აეროპორტის მშენებლობა კი იძლევა მგზავრების რაოდენობის 19 მილიონამდე გაზრდის შესაძლებლობას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით.
ახალი აეროპორტის საჭიროება
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანას ჰქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც ასევე იქნება სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით, განაცხადეს მთავრობაში.
ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით. ეს კომპანია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.
საქართველოს აეროპორტების განვითარებაზე ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოეყო. თანხა ქუთაისის, თელავისა და ვაზიანის აეროპორტების განვითარებას მომხარდება.
ყველა ახალი ამბავი
0