ხელისუფლება ვეტინგ-კონტროლის წინააღმდეგია - მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე დავა გრძელდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2024
გამოწერა
მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. მიუღებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მათ შორის ე.წ. ვეტინგ-კონტროლი მოსამართლეთა დანიშვნაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
სასამართლო რეფორმის განხილვისას ოპოზიციამ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი წამოაყენა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი-ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.
„ისეთი ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება მოსამართლის უვადოობის პრინციპს, არის თავისთავად წინააღმდეგობაში არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებთან”, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ვეტინგ-კონტროლი შეიძლება ითვალისწინებდეს უვადოდ განწესებული მოსამართლის თანამდებობიდან მოხსნას, მაგრამ საქართველოში მოსამართლები ინიშნებიან უვადოდ გარკვეული ასაკის მიღწევამდე და ეს კონსტიტუციაშია გაწერილი.
საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა - დეპუტატი ოპოზიციის ინიციატივაზე>>
მან აღნიშნა, რომ რეკომენდაციები, რომლებიც საქართველო მზად არის გაითვალისწინოს, მათ შორის, არასამთავრობო სექტორისა თუ ოპოზიციის მხრიდან, რაციონალური უნდა იყოს.
„რეკომენდაცია უნდა იყოს რაციონალური, უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ არგუმენტებს. ზოგადი მიდგომა ვეტინგთან დაკავშირებით არის ის, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკიდურეს შემთხვევაში, როცა არსებობს განსაკუთრებული ცნობები სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ოპოზიციამ ვერ დაამტკიცა სასამართლო სფეროში სისტემური დარღვევების არსებობა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებებში დარღვევა არ დაუფიქსირებია.
„რაც შეეხება მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ერთადერთი ორგანო კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კეთილი ინებოს ყველამ, ვისაც აინტერესებს მოსამართლეების კეთილსინდისიერება და აქვს გარკვეული ეჭვი სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობს დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობას წარმოაგდენს.
რომელი ძალები მოითხოვენ „ვეტინგ-კონტროლის" სისტემის დანერგვას - დეპუტატის პასუხი>>
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.
„ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე. ეს არის სასამართლო ხელისუფლების მიტაცების, მასში ჩარევის მცდელობა, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ. სასამართლო ხელისუფლება, ისევე, როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ქართველ ხალხზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
იმავდროულად, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად იქცევა კრიტიკის ობიექტად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან, ძირითადად მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებისკენ.
სანქციების საკითხი
ოპოზიციონერები წლიდან წლამდე ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემა ვერადავერ გახდა თავისუფალი და მას რამდენიმე მოსამართლისგან შემდგარი პროსამთავრობო კლანი მართავს.
პაპუაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლეებს სანქციები უნდა მოუხსნას>>
მოსამართლეები, რომლებსაც ოპოზიცია კლანის წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის" სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ. მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს წარმოადგინოს მტკიცებულებები.
„ჩვენ გვაქვს იმდენად მაღალი სტანდარტი სასამართლოს დამოუკიდებლობის, რომ უკიდურესად გართულებულია ნებისმიერი ტიპის სანქციის დაწესება ჩვენს სასამართლო სისტემაში მოსამართლის მიმართ. გაფრთხილებასაც კი ვერ მისცემ მოსამართლეს, თუ არ გაქვს მტკიცებულება. როდესაც არავითარი მტკიცებულება არ გაქვს და სავიზო შეზღუდვას უწესებ 4 მოსამართლეს, სამ მოქმედსა და ერთ ყოფილს, რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ არ არის დაცული სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს აშშ-სგან რაიმე მტკიცებულება დღემდე არ მიუღია.
სასამართლო რეფორმა
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღა გატარდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ფასადური ცვლილებებია და ფუნდამენტური რეფორმები უნდა განხორციელდეს. ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნების გათვალისწინება და აცხადებს, რომ მათ ოპონენტებს სურთ არა თავისუფალი სასამართლო სისტემა, არამედ ამ სასამართლო სისტემის დამორჩილება.
ყველა ახალი ამბავი
0