აბაშიძე: პრაღის მოლაპარაკებების ფორმატმა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეამცირა
© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
© photo: Sputnik
გამოწერა
საქართველოს მთავრობის ახალი სპეციალური წარმომადგენელი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რუსეთში საქართველოს საელჩოში, განაცხადა აბაშიძემ.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის არაფორმალურმა დიალოგმა, რომელიც პრაღაში მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის მონაწილეობით, შესაძლებელი გახადა ქვეყნებს შორის დაძაბულობის გრადუსის დაწევა, განაცხადა ქართველმა დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ გაწეული სამუშაოს შეჯამებისას.
პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის დეკემბერში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამოქმედდა. შეხვედრებზე მხარეები ვაჭრობის, ტურიზმისა და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ. აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად 2012 წლიდან მუშაობდა. ის ამ თანამდებობაზე 11 მარტს გეორგი ქაჯაიამ შეცვალა, აბაშიძე კი პრემიერის მრჩეველი გახდა.
„ნებისმიერი პატარა ნაპერწკალი დიდ ძალადობაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო, ამიტომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომ შევეცადოთ ამ მაღალი ტემპერატურის დაწევა, იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაწყნარდეს, ეკონომიკური სტაბილიზაცია დაიწყოს, გადავწყვიტეთ ამ არაფორმალური დიალოგის. ე.წ. პრაღის დიალოგის დაწყება და 2012 წლიდან მოყოლებული 26 შეხვედრა ჩატარდა. ამ პერიოდში მოვახერხეთ ის, რომ დაძაბულობამ მართლაც იკლო“, - განაცხადა აბაშიძემ.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, დასავლელი პარტნიორების შეფასებით, ამ დიალოგმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას პრობლემების გარეშე, შემდეგ უკვე ამას მოჰყვა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ახლა უკვე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ა.შ.
ამასთან, აბაშიძის თქმით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებში დიდი დისბალანსი იყო, რომლის გამოსწორებაც მოხერხდა.
„2006 წელს რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო შემოიღო, აქედან არაფერი გადიოდა და რუსეთიდან შემოდიოდა ყველაფერი დიდი რაოდენობით. ეს დისბალანსი ჩვენ გამოვასწორეთ“, - განაცხადა აბაშიძემ.
დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ 2011 წელს საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
„ჩვენ ეს უნდა გამოგვეყენებინა, ნორმალური ვაჭრობის ვალდებულებები აიღო რუსეთმა. დღეისთვის მილიარდობით დოლარის პროდუქციაა გატანილი რუსეთში, ამან ხელი შეუწყო მთელი დარგების განვითარებას, რაც საქართველოს მოხმარდა“, - აღნიშნა აბაშიძემ.
მისი თქმით, ეს ფორმატიც რუსეთში მყოფი მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის ცხოვრება შეამსუბუქა.
„ეს უზარმაზარი დიასპორაა და ზუსტად ვერავინ იტყვის, რამდენი ქართველი ცხოვრობს იქ, მაგრამ ფაქტია, რომ ასი ათასობით არიან, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ჩაერთნენ ჩვენს ცხოვრებაში, საქართველოში ინვესტიციები შემოვიდა“, - განაცხადა აბაშიძემ.
არაფორმალური მოლაპარაკებები
დიპლომატის თქმით, ფორმატის არსებობის პირველივე დღიდან იყო დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა.
„ჩავდიოდი ბრიუსელში, ნატოში მქონდა შეხვედრები, ევროკავშირში, ვაშინგტონში ვიყავი ჩასული - იყო სრული მხარდაჭერა. ჩვენ გვეუბნებოდნენ: აუცილებლად გააგრძელეთ ეს დიალოგი, წარმოუდგენელია, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის, რაოდენ რთული და დრამატულიც არ უნდა იყოს ურთიერთობები, კომუნიკაციის ხაზი არ არსებობდეს“, - განაცხადა აბაშიძემ.
დიპლომატმა ასევე უპასუხა რუსეთთან დიალოგის ამ არაფორმალური ფორმატის კრიტიკოსებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შეხვედრები საჯარო არ ყოფილა.
„ონლაინ ეს შეხვედრები არ გადაიცემოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველი შეხვედრის შემდეგ მე გამოვდიოდი ტელევიზიით საჯაროდ, ვხვდებოდი დასავლელ პარტნიორებს, საქმის კურსში ვაყენებდი, ვისმენდი მათ კომენტარებსა და რჩევებს. ეს ხდება პრაღაში, ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის დედაქალაქში. მეტი რანაირი საჯაროობა უნდა ყოფილიყო?“ - განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, თავად შეხვედრებზე ურთიერთობები საქმიანი იყო.
„ჩვენ არანაირ დოკუმენტებს, მემორანდუმებს, რა თქმა უნდა, არ ვაფორმებდით. ეს იყო და არის არაფორმალური დიალოგის ფორმატი“, - აღნიშნა დიპლომატმა.
ჩანაცვლება
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ამ ფორმატში ახლა ახალი პიროვნება - გიორგი ქაჯაია იქნება, რომელიც მანამდე შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესთა სექციას რუსეთში ხელმძღვანელობდა. ორი სიტყვით მინდა მის შესახებაც ვთქვა.
აბაშიძის ინფორმაციით, გიორგი ქაჯაია აფხაზეთიდან არის, თავის დროზე იყო საქართველოს ეროვნული გმირის, პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას თანაშემწე იყო. შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საელჩოში, როცა იყო საელჩო რუსეთში.
„შემდეგ უკვე აქ, მთავრობის ადმინისტრაციაში იყო ჩემი თანაშემწე და ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი სექციის ხელმძღვანელი მოსკოვში [შვეიცარიის საელჩოში]. კარგად იცის ეს თემა, სერიოზული, ორგანიზებული, კვალიფიციური კაცია, ვფიქრობ, რომ კარგად გაუძღვება ამ საქმეს“, - განაცხადა აბაშიძემ.
საფრთხეები
აბაშიძის თქმით, ხშირად ამბობენ, რომ ასეთი რთული და საშიში ვითარება კაცობრიობის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. დიპლომატმა გაიხსენა „კარიბის კრიზისი“ 1962 წლის აგვისტოში. მაშინ არსებობდა რეალური ბირთვული დაპირისპირების საფრთხე, მაგრამ დღევანდელი ვითარება, დიპლომატის თქმით, კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე მაშინ იყო.
„რაღაც ნდობის ფაქტორი იყო მაშინ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. ახლა არაფერი აღარ არის. წავიდა ის თაობები პოლიტიკოსების, რომლებსაც ახსოვდათ რა უბედურებაა ომი. სხვა თაობები მოვიდნენ, ტელეფონში ვუყურებთ ომს“, - განაცხადა აბაშიძემ.
უდიდესი საფრთხის წინაშე დგას კაცობრიობა, განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოები, როგორიც საქართველოა, აღნიშნა დიპლომატმა.
„ჩვენ თუ ძალიან ფრთხილად არ ვიარეთ, ერთი ფეხი რომ დაგვიცდეს, არ მინდა დავამძიმო, მაგრამ შეიძლება სიბნელეში ერთმანეთი ვეღარ ვიპოვოთ ისეთ დღეში აღმოვჩნდეთ და ვერც ვერავინ დაგვეხმარება. ეს რეალობაა“, - აღნიშნა აბაშიძემ.
დიპლომატის თქმით, სიტუაცია ძალიან საშიშია და რისკებსა და საფრთხეებზე კი არავინ არ საუბრობს. ახლა ამოცანა ნომერ ერთი - თავის გადარჩენაა, აღნიშნა აბაშიძემ.
„ძალიან დიდ ზეწოლას ვუძლებდით და ვუძლებთ. საქართველო აკეთებს მაქსიმალურს, რისი გაკეთებაც შეუძლია - პრაგმატული, თავისი გონივრული პოლიტიკით“, - აღნიშნა აბაშიძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.