კარასინი: რუსეთი დაინტერესებულია ქართველ პარტნიორებთან პრაგმატული დიალოგით

© photo: Sputnikგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2024
გამოწერა
აბაშიძე-კარასინის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში შედგა 26 შეხვედრა, მუდმივი კონტაქტი ნარჩუნდებოდა დისტანციურად, განაცხადა რუსმა სენატორმა.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. რუსეთი დაინტერესებულია პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით და არაფორმალური დიალოგის ბოლო 11 წლის განმავლობაში მიღწეული ყველა დადებითი შედეგი მოთხოვნადი იქნება, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინმა.
ორშაბათს, 11 მარტს, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლად გიორგი ქაჯაია დანიშნა, ზურაბ აბაშიძე კი, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, მთავრობის მეთაურის მრჩეველი გახდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოვლენები მომავალშიც იქნება მოთხოვნადი. რუსეთი დაინტერესებულია პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით", - განაცხადა კარასინმა სააგენტო ТАСС-თან.
მან გაიხსენა, რომ 2012 წელს რუსეთმა უყოყმანოდ დაუჭირა მხარი საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და შეიქმნა არაფორმალური დიალოგის მექანიზმი „ურთიერთქმედების სხვადასხვა ასპექტების დეპოლიტიზებული განხილვისთვის, აქცენტით სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებსა და ჰუმანიტარულ კონტაქტებზე“.
„ეს მე და ზურაბ აბაშიძეს დაგვევალა, რომელიც მას შემდეგ, 11 წელზე მეტია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მუდმივი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. შედგა 26 შეხვედრა, ძირითადად პირისპირ (პანდემიის დროს - ვიდეო-კონფერენციის ფორმატში), მუდმივი კონტაქტი ნარჩუნდებოდა დისტანციურად“, - აღნიშნა კარასინმა.
მისი აზრით, გასული წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა. კერძოდ, როგორც პარლამენტარმა განაცხადა, შეხვედრებზე არაერთხელ დაისვა საკითხები რუსეთ-საქართველოს მოსახლეობას შორის კომუნიკაციის პირობების გამარტივების შესახებ, ჩატარდა თანმიმდევრული მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წელს შემოღებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პირობების შესაქმნელად.
„შესაბამისი შემსუბუქება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. საბოლოოდ, 2023 წლის მაისში, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, გაუქმდა ვიზები საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის. ამასთან, განახლდა ოთხი წლით ადრე დროებით გაუქმებული პირდაპირი ფრენები“, - განაცხადა კარასინმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა კონტაქტები ორი ქვეყნის ხალხებს შორის.
„ჩვენ შევქმენით დამატებითი შესაძლებლობები კულტურული გაცვლებისთვის, კონტაქტებისთვის სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ახალგაზრდული ორგანიზაციების მიმართულებით. წვლილი შევიტანეთ ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაში, ბიზნეს-წრეებს შორის ურთიერთობების გააქტიურებაში. ხელი შევუწყეთ ტურიზმის შემდგომ განვითარებას. 2023 წელს 1,4 მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ეწვია საქართველოს“, - განაცხადა კარასინმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.
ყველა ახალი ამბავი
0