საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას დისტანციურად შეძლებთ - რას გეგმავს სამინისტრო

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2024
გამოწერა
„უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ გაჩნდება ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი - ონლაინ-უნივერსიტეტი.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს რეფორმის განხორციელებას, რომლის თანახმად ქართველი და უცხოელი სტუდენტები ცალკეულ სპეციალობებში უმაღლესი განათლების მიღებას დისტანციურად შეძლებენ, განაცხადეს სამინისტროში.
სიახლე შეეხება როგორც საბაკალავრო, ისე მაგისტრატურის პროგრამებს.
„მთავრობის სხდომაზე განხილული იქნა კანონპროექტთა პაკეტი უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ეს ეხება ელექტრონულ-დისტანციური სწავლების რეფორმას", - განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
მისი თქმით, დისტანციურად უმაღლესი განათლების მიღების პრაქტიკა კოვიდპანდემიის დროს შემოიღეს. ეს ეხება მხოლოდ უმაღლეს განათლებას და რიგ შემთხვევებში, პროფესიულ განათლებას.
„უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ გაჩნდება ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი - ონლაინ-უნივერსიტეტი.
საქართველოში სტუდენტები სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში ამჯობინებენ - სტატისტიკა>>>
„ონლაინ-განათლების კონცეფციის სტანდარტების შემუშავება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება. ეს პრაქტიკულად სრულიად ახალ შესაძლებლობას და კარს გააღებს ჩვენი უმაღლესი განათლების სექტორისთვის, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი განათლების ექსპორტის კუთხით", - განაცხადა ამილახვარმა.
გარდა ამისა, საქართველოში აღიარებული იქნება უმაღლესი განათლება, რომელსაც ქართველი სტუდენტები იღებენ საზღვარგარეთ. პირველ ეტაპზე ეს შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტებს.
2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 19 საჯარო და 43 კერძო დაწესებულებაა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით ორი მესამედი მდებარეობს თბილისში.
უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ახალგაზრდების საერთო რაოდენობამ 177,8 ათასი შეადგინა, რაც 10,2%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0