საპარლამენტო არჩევნები: მელია და გვარამია გაერთიანებას გეგმავენ

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა მელია და ნიკა გვარამია
ნიკა მელია და ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2024
გამოწერა
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას ორშაბათს, 11 მარტს ოფიციალურად გამოაცხადებენ, იუწყება „პირველი არხი".
გვარამიამ, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, საპარლამენტო არჩევნების წინ ის პარტიები დაასახელა, რომლებთანაც მზადაა კოალიცია შექმნას, მათ შორის იყო „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას გუნდი. ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, საპატიმროს დატოვებიდან შვიდი თვის შემდეგ, გვარამიამ შეკრიბა გუნდი სახელწოდებით „ახალი“ და განაცხადა, რომ მუშაობს მოკლევადიან და სწრაფ კამპანიაზე, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე.
2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. 2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ".
მოკლედ გვარამიას შესახებ
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა წელს გვარამიას მთავარი პროკურორის მოადგილის, იუსტიციის მინისტრისა და განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი მან ჟურნალისტიკის სფეროში გადაინაცვლა.
ახალი კოალიცია, ოპოზიციის გეგმები, მმართველი პარტიის პროგნოზები - არჩევნებამდე 7 თვე რჩება>>>
ხელისუფლების ცვლილებიდან ათი წლის შემდეგ, 2022 წლის 16 მაისს, გვარამია, იმ დროისთვის უკვე ახალი ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა" ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2"-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ.
შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.
გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. 2023 წლის სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას.
მოკლედ მელიას შესახებ
მელია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ „ნაციონალურ მოძრაობას" 2014 წელს შეუერთდა და 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ოპოზიციონერი: ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო>>>
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0