არანაირი „მაგრამ": პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე ხელს მოაწერს?

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2024
გამოწერა
პრეზიდენტი წელიწადზე მეტია თავს არიდებს სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პასუხს, თუმცა თავდაპირველად ამ თემაზე მკაფიო პოზიცია ჰქონდა.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. არავის აქვს უფლება მიკარნახოს, შევიწყალო თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ჩემი „არასდროს“ ძალაში რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
სააკაშვილი საქართველოში ექვსწლიან სასჯელს იხდის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე. ექს-პრეზიდენტის შეწყალების საკითხს აყენებს მის მიერ დაარსებული უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არის აქტიური განხილვის თემა ევროპარლამენტში, რომელმაც გასულ კვირას ამ თემაზე რეზოლუციაც კი მიიღო.
„თურმე, არ აქვს მნიშვნელობა, მე რა ვთქვი. და, თურმე, ვიღაცამ ჩემზე უკეთ იცის რის გაკეთებას ვაპირებ და რის არას. ერთხელ ვთქვი და განმეორების სურვილი არ მაქვს: ეს ჩემი დისკრეციული უფლებაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პირველი განცხადება („არა და არასდროს“ – რედაქტორის შენიშვნა) სააკაშვილის შეწყალების შესახებ. ერთხელ ვთქვი და ამ საკითხში „მაგრამ“ არ არსებობს, აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი წელიწადზე მეტია თავს არიდებს სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პასუხს, თუმცა თავდაპირველად ამ თემაზე მკაფიო პოზიცია ჰქონდა. ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა ევროპარლამენტის რეზოლუციას და შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადებებს ზეწოლა უწოდა.
ბრეგაძე: სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება არ აქვს>>>
საქართველოს კანონმდებლობით, შეწყალება შესაძლებელია იმ საქმეებზე, რომლებზეც განაჩენი უკვე გამოტანილია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი სააკაშვილისთვის სამ საქმეზე - სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევაზე და საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
რეალურია თუ არა სააკაშვილის შეწყალება: პოლიტიკოსების მოსაზრებები>>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0