ბრეგაძე: სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება არ აქვს

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2024
გამოწერა
მინისტრის თქმით, მისთვის მიუღებელია უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან საქართველოში პოლიტიკური ქმედებისკენ მოწოდებები.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება, რადგანაც იგი უკრაინის მოქალაქეა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატო ბრეგაძემ.
მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით ქვეყანაში ხელმოწერებს აგროვებს. ამასთან, ექს-პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას უკვე შეუერთდა. პარტიამ ამ გადაწყვეტილებას მხარი უკვე დაუჭირა.
„მსჯავრდებული სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ის არ არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი. ამიტომაც ჩემთვის, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური ლოგიკით სრულიად გაუგებარია საუბარი, რომ მისი შეწყალება დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ბრეგაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია როგორ შეიძლება უკრაინელი პოლიტიკოსის შეწყალებამ იმოქმედოს საქართველოში დეპოლარიზაციაზე.
„სააკაშვილი არ არის ქართველი პოლიტიკოსი, ის არის უკრაინელი პოლიტიკოსი და, შესაბამისად, თუ საუბარია საქართველოში პოლიტიკური დეპოლარიზაციის შესუსტებაზე ან დასრულებაზე, ამ შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს უკრაინის მოქალაქის, რომელსაც საქართველოში ჩადენილი აქვს დანაშაული და იხდის საჯსელს, შეწყალებას პოლიტიკურ დეპოლარიზაციასთან“, – განაცხადა ბრეგაძემ.
რეალურია თუ არა სააკაშვილის შეწყალება: პოლიტიკოსების მოსაზრებები>>>
რატი ბრეგაძის თქმით, მისთვის მიუღებელია უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან საქართველოში პოლიტიკური ქმედებისკენ მოწოდებები.
„თუ იგი ვინმეს მოუწოდებს გარკვეული ქმედებებისკენ, ვისურვებდი, რომ არც ერთი პოლიტიკოსი არ დაემორჩილოს მის მოწოდებებს, რადგანაც ის არ არის საქართველოს მოქალაქე და არ აქვს საქართველოში როგორც აქტიური, ისე პასიური საარჩევნო ხმა, მას არ შეუძლია პოლიტიკური პარტიის წევრობა", - განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ წელიწადზე მეტია დუმს სააკაშვილის შეწყალების თემასთან დაკავშირებით. ადრე კი ამასთან დაკავშირებით მას ჰქონდა მკაფიო პოზიცია: „არა და არასდროს“.
საქართველოს კანონმდებლობით, შეწყალება შესაძლებელია იმ საქმეებზე, რომლებზეც განაჩენი უკვე გამოტანილია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი სააკაშვილისთვის სამ საქმეზე - სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევაზე და საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0