სახელმწიფო სუროგატი დედის მშობიარობას აღარ აანაზღაურებს

© Depositphotos.com / EugeneGensyurovksyორსული ქალი
ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2024
გამოწერა
საქართველოში აღნიშნული მიმართულება კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა, რასაც შეეძლო ბავშვებით ვაჭრობის ან ორგანოებით ვაჭრობის შემთხვევები გამოეწვია.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. სახელმწიფო სუროგატი დედის მშობიარობასა და საკეისრო კვეთის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს.
შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ კანონში შევიდა.
„პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები“, – აღნიშნულია დადგენილებაში.
2024 წლის იანვრიდან ხელოვნური „ინ ვიტრო" განაყოფიერება და სუროგატი დედების მომსახურება საქართველოში მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი. 1 იანვრიდან დონორი და სუროგატი დედა უნდა მოქმედებდეს უანგაროდ, ხოლო კომპენსაციას იღებდეს მხოლოდ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.
როგორც ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, საქართველოში აღნიშნული მიმართულება კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა, რასაც შეეძლო გამოეწვია ბავშვთა ვაჭრობის ან ორგანოებით ვაჭრობის შემთხვევები, გარდა ამისა, შეუძლებელი იყო განსაზღვრა, თუ სად გზავნიდნენ ბავშვებს.
სუროგაციით დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოში: ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები>>>
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სუროგაციასთან, ხელოვნურ განაყოფიერებასა (in vitro) და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში ისახება. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებულია, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.
ერთიანი რეესტრის საჭიროება კიდევ უფრო გამოიკვეთა ბოლო წლებში, როდესაც მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, რეპროდუქციის მიზნებისთვის მედიცინას სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართვას.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს სუროგაციის გზით დაბადებულ ახალშობილთა რიცხვი დაახლოებით 500 იყო, 2022 წელს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 1000-ს გადააჭარბა - 2012 წლიდან დღემდე სუროგაციის გზით 5 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა.
დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 3 ათასზე მეტი სუროგატი დედაა რეგისტრირებული.
ყველა ახალი ამბავი
0