საქართველოში ზოგადი განათლების „კონსტიტუცია“ 20 წლის განმავლობაში პირველად განახლდება

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2024
გამოწერა
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემამ ღირსეული მოქალაქეები უნდა აღზარდოს, აღნიშნა პრემიერმა
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესახებ დოკუმენტი საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად განახლდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. ეს დოკუმენტი ზოგადი განათლების ერთგვარ კონსტიტუციად არის მიჩნეული. უახლოეს დღეებში განათლების სამინისტრო დოკუმენტის საჯარო განხილვას იწყებს.
„დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ განახლებულ დოკუმენტში ყველა ეს ასპექტი გაწერილია. ზოგადი განათლების სისტემამ ქვეყანას უნდა აღუზარდოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც იზრუნებს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე, გაცნობიერებული ექნება საკუთარი უფლება- მოვალეობები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს წინაშე,
კობახიძემ აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების სისტემამ უნდა აღზარდოს ისეთი მოქალაქე, რომლებიც სრულფასოვნად დაეუფლება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის ცოდნას, განმსჭვალული იქნება სახელმწიფოებრივი აზროვნებით, პატრიოტიზმით, პატივს სცემს ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას.
კობახიძის თქმით, ქვეყანამ უნდა აღზარდოს ისეთი მოქალაქეები, რომლებსაც ექნებათ მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, სათანადოდ ექნება გააზრებული შემწყნარებლობის და სამართლიანობის პრინციპები.
პროფესიის შესწავლა ახლებურად - რა გეგმები აქვს მთავრობას 2024 წელს>>
უახლოეს დღეებში სამინისტრო დაიწყებს დოკუმენტის საჯარო განხილვას და წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო ვერსიას, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
„მნიშვნელოვანია, ზოგადი განათლების სისტემის განვითარება სწორ ღირებულებებს დაეფუძნოს, რისთვისაც ეროვნული მიზნების დოკუმენტის სათანადოდ გაწერას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება”,- განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა განათლების სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს ინტერესებზე იქნება ორიენტირებული.
როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნეს, დოკუმენტი ეფუძნება მოსწავლეებში შემდეგი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებას:
ეროვნული იდენტობის შენარჩუნება;
ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება;
სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ცოდნა;
სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი;
ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა;
მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ტოლერანტობა და სამართლიანობა;
თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება და გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება.
სწორედ, ფართო საზოგადოების თანამონაწილეობით მიღებულ დოკუმენტს დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა და ყველა საგნის სტანდარტი, თუ სახელმძღვანელო, რათა ამ ჯაჭვმა საბოლოო, ზემოთ ჩამოთვლილ დიდ მიზნამდე მიგვიყვანოს, აღნიშნეს განათლების სამინისტროში.
ყველა ახალი ამბავი
0