დავითაშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყვანის პროექტს ბრიუსელში განვიხილავთ

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2024
გამოწერა
საბჭოს სხდომაზე საუბარი შეეხება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის თემას, რომელზეც საქართველოს მთავრობა რუმინელ კოლეგებთან ერთად მუშაობს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის გაყვანის პროექტის მიმდინარეობა, სხვა საკითხებთან ერთად, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე იქნება განხილული, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მთავრობის მეთაურის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე შეხვედრაში.
„საუბარი შეეხება ძალზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტს. ევროპელ კოლეგებს მივაწვდით შავი ზღვის ფსკერზე ენერგოკაბელის გაყვანის პროექტის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას. ჩვენ გადავდივართ იმპლემენტაციის ეტაპზე და უკვე ბევრი ინფორმაცია შეგროვდა", - განაცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ფაქტობრივად, დადასტურებულია პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა.
„ჩვენ უკვე ვსაუბრობთ განხორციელების ტექნიკურ დეტალებზე, მათ შორის, ფინანსების მოზიდვასა და ა.შ.", - აღნიშნა მინისტრმა.
წყალქვეშა ენერგოკაბელი საქართველოს ელექტროენერგიის ნეტოექსპორტიორად აქცევს – დავითაშვილი>>>
დავითაშვილის თქმით, საბჭოს სხდომის ფარგლებში საუბარი შეეხება ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს, რომელზეც საქართველოს მთავრობა რუმინელ კოლეგებთან ერთად მუშაობს.
„იმისთვის, რომ საქართველო და რუმინეთი დაუკავშირდეს ერთმანეთს, ეს იქნება ალტერნატიული საიმედო არხი საქართველოში ციფრული ჰაბის ჩამოყალიბების პროცესის დასაჩქარებლად. საზოგადოებას ამის შესახებ ხშირად ვესაუბრებით. ალბათ, ყველას აღელვებს საქართველოს ერთიან როუმინგულ კავშირში ჩართვა. აქაც ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და გვექნება საუბარი ჩვენს ევროპელ კოლეგებთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საბჭოზე მხარეები ასევე განიხილავენ დაკავშირებადობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტს, კერძოდ, პირდაპირი საბორნე კავშირების კიდევ უფრო ხელშეწყობას, რომელზეც რამდენიმე წელია მიმდინარეობს მუშაობა.
„ჩატარდა დეტალური კვლევა, რომლის თანახმად, საჭიროა გარკვეული მხარდაჭერის სქემების ამოქმედება. თუმცა, ჩვენ დღესაც გვაქვს ბულგარეთთან და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე მიმოსვლა. ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრებთ", - განაცხადა დავითაშვილმა.
შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტი
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
როდის შეძლებს ანაკლიის პორტი პირველი ტვირთის მიღებას: ვიცე-პრემიერის მოსაზრება>>>
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0