თბილისში 4,4 მლნ ევროს ღირებულების ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაჩნდება

© photo: Sputnik / Stringerქალს ნაგავი მიაქვს გადასაყრელად
ქალს ნაგავი მიაქვს გადასაყრელად - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2024
გამოწერა
სადგური დააჩქარებს და ოპტიმალურს გახდის ნარჩენის გადატვირთვის პროცესს
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიამ ბელიაშვილის ქუჩაზე ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც 4,4 მილიონი ევრო დაჯდება, განაცხადა მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა, კონტრაქტორმა კომპანიამ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს. პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანსებს.
„ჩვენი საიმედო პარტნიორის ფინანსური მხარდაჭერით, ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს - ესაა ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაცია ბელიაშვილის ქუჩაზე. შედეგად, დედაქალაქს ექნება უსაფრთხო, მოდერნიზებული და ლოგისტიკურად უფრო გამტარი გადამტვირთავი სადგური“, - განაცხადა კალაძემ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცილინდრული ტიპის დანადგარები საპრესი მოწყობილობით, რაც საგრძნობლად დააჩქარებს და ოპტიმალურს გახდის ნარჩენის გადატვირთვის პროცესს, გაზრდის ნარჩენების გადაზიდვის ეფექტიანობას და შეამცირებს სუნს.
ასევე, მოეწყობა მოდერნიზებული სამრეცხაო, სპეცტექნიკისთვის განკუთვნილი პარკინგი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.
კახა კალაძე - დედაქალაქს თანამედროვე სტანდარტების, მოწესრიგებული ნაგავსაყრელი ექნება?>>
ნარჩენების გადამუშავების სფეროში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. დიდი ლილოს პოლიგონზე იგეგმება მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობა, რაც ფაქტობრივად ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება.
„ამ პროექტის განხორციელების მიზნით, EBRD-თან სასესხო შეთანხმებას ამ თვეში მოეწერება ხელი, პარალელურად კი მიმდინარეობს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევა, რათა სატენდერო დოკუმენტაცია შედგეს“, - განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, ლილოს პოლიგონზე ასევე, იგეგმება ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობაც, რაც ამ კუთხით დღეს არსებულ პრობლემას მოაგვარებს. შესაბამისი სამუშაოების ტენდერი ამ კვარტლის ბოლოს გამოცხადდება, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი კი 6.255.000 ევროა.
რესურსი იწურება - მერიას ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოება სურს>>
გარდა ამისა, ლილოს პოლიგონზე იგეგმება გაზშემკრები სისტემის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, გადაიხურება ნარჩენების განსათავსებელი უჯრედები, ხოლო უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან შეგროვდება გაზი (მეთანი).
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და EBRD-ს, მის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერით, ასევე, შეძენილი გვაქვს 65 ერთეული სპეცტექნიკა, რომელიც ქალაქს ძალიან მალე მოემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში ყოველდღიურად ათასობით ტონა ნარჩენი მიაქვთ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ერთადერთ პოლიგონზე, რომელიც დიდ ლილოსთან მდებარეობს. მან ფუნქციონირება 2010 წელს დაიწყო, გლდანში არსებული ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ.
მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი. მათ არაერთხელ მოაწყვეს პიკეტები და გადაკეტეს გზა ნაგვის მანქანებისთვის და ნაგავსაყრელამდე არ უშვებდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ პრობლემას მოაგვარებდა და ნაგავსაყრელისთვის ახალ ადგილს მოძებნიდა.
ყველა ახალი ამბავი
0