კახა კალაძე - დედაქალაქს თანამედროვე სტანდარტების, მოწესრიგებული ნაგავსაყრელი ექნება

© Sputnik / Alex Shlamovლილოს ნაგავსაყრელი
ლილოს ნაგავსაყრელი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტების მოძიება დაავალა.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელების პარალელურად, მუნიციპალიტეტის მერია თბილისის ნაგავსაყრელისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიებას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე დაგეგმილი პროექტები, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა.

„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ამ პროექტების განხორციელებით ეს ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდება. ის მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს ნაგავსაყრელზე, მიუღებელია. ასევე, მიუღებელია მისი ამ ფორმით შენარჩუნება. შესაბამისად, ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელზეც ვსაუბრობდი, მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კახა კალაძემ

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა EBRD-ს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მათი ექსპერტების ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდება აღნიშნული პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება,
„თუმცა ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ თბილისის ნაგავსაყრელი პოლიგონისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიება", - თქვა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა თავის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, მოიძიოს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები, რომლებიც დაეხმარებიან შესაბამისი ტერიტორიის შერჩევაში და ჩაატარებენ ყველა საჭირო პირველად კვლევას.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, ნაგავსაყრელებთან მიმართებაში ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც იგივე პრობლემები ჰქონდათ, რაც დღეს თბილისშია, თუმცა დროთა განმავლობაში განხორციელდა თანამედროვე პროექტები, რომლებმაც ვითარება სრულად შეცვალა.
რესურსი იწურება - მერიას ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოება სურს>>
„შესაბამისად, თბილისი აღნიშნულ გამოცდილებას გაიზიარებს და დედაქალაქს თანამედროვე სტანდარტების, მოწესრიგებული ნაგავსაყრელი ექნება", -განაცხადა დედაქალაის მერმა.
ჯერ კიდევ 2019 წელს მერიამ გამოაცხადა ლილოს ნაგავსაყრელის გაზის კოლექტორად გადაქცევის გრანდიოზული გეგმები. კონცეფციის მიხედვით, გაზი, რომელიც გამოიყოფა ნარჩენების დაშლის შედეგად, ერთ ადგილზე უნდა დაგროვდეს და არ უნდა ვრცელდებოდეს.
როგორც მაშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს ნაგავსაყრელის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქში გარემოს გაუმჯობესებას.
ნაგავსაყრელზე გაზის მოპოვების საწარმოს შექმნის პროექტი ბელგიურ კომპანია „ჯეო კონსულტანტს" უნდა მოემზადებინა. პროექტი 2021 წელს უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0