რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnikქარის ელექტროსადგური
ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2024
გამოწერა
ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა მთელ მსოფლიოში არსებული ტენდენციაა, ეს ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისთვის.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა „ქართლმა" 2023 წელს 86,12 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც თითქმის 1,6%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გორთან მდებარე ქარის ელექტროსადგური „ქართლი" 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის სიმძლავრე 20 მეგავატია.
ESCO-ს მონაცემებით, ელექტროენერგიის მთლიან წარმოებაში „ქართლის" წილი მხოლოდ 0,6%-ია.
ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა მთელ მსოფლიოში არსებული ტენდენციაა, ეს ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისთვის. ქვეყანა ენერგეტიკულ სისტემაში მზისა და ქარის ენერგიების ინტეგრაციის გაძლიერებას აპირებს. ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 2030 წლისთვის საქართველოში შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტი შეიქმნას.
საქართველო ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდაზე მუშაობას აგრძელებს>>>
ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შემუშავდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
პირველ აუქციონში 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლებიც განახორციელებენ 15 ჰიდრო, ორი ქარისა და ათი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებს.
გარდა ამისა, 2023 წლის 30 დეკემბერს მეორე აუქციონი გამოცხადდა.
მეორე ენერგეტიკული აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ-ია.
აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდეგ კატეგორიებში: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ; ჰიდროელექტროსადგურები (სეზონური) – 100 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები – 125 მგვტ; მზის ელექტროსადგურები – 125 მგვტ.
ასევე ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში - ახალი მონაცემები>>>
სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ მოიხმარა 13,7 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2022 წლის მონაცემებზე 7,4%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,4 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2022 წლის მონაცემზე 1%-ით მეტია.
გასულ წელს ქვეყანამ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა.
ექსპორტი 51,2%-ით გაიზარდა და 1,5 მილიარდი კვტ/საათი შეადგინა. ელექტროენერგია ძირითადად თურქეთში გადიოდა, რამაც მთლიანი ექსპორტის 88,8% შეადგინა. მეზობელ ქვეყანაში 1,3 მილიარდი კილოვატი ელექტროენერგია გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0