თავდაცვის მინისტრი: პრეზიდენტმა მიიღო ინსტრუქცია იყოს დესტრუქციული

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2024
გამოწერა
თავდაცვის მინისტრის თქმით, ზურაბიშვილს ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ინსტრუქია იყოს დესტრუქციული ყველა იმ პროცესთან მიმართებით, რომელიც საქართველოში უნდა მოხდეს 2024 წლის განმავლობაში, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
6 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
„ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიიღო ინსტრუქცია იყოს დესტრუქციული ყველა იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანაში 2024 წლის მანძილზე უნდა მოხდეს", - განაცხადა ჩიქოვანმა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ზურაბიშვილს ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს.
„მას არ აქვს საკუთარი ინდივიდუალური საარჩევნო რესურსი, თუმცა იმ ფორმალური პოზიციის პირობებშიც კი, რომელიც დღეს მას უკავია, აქვს პროცესების დისკრედიტაციის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
მინისტრის თქმით, ზურაბიშვილისთვის, ისევე როგორც ოპოზიციისა და „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სამიზნე საარჩევნო პროცესი და ცესკოს ადმინისტრაციაა.
რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია წინასაარჩევნოდ გაერთიანებას? პოლიტიკოსი ქალების მოსაზრება>>>
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია. ხელისუფლება ამ პარტიას და მის თანამოაზრეებს „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0