რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია წინასაარჩევნოდ გაერთიანებას? პოლიტიკოსი ქალების მოსაზრება

© courtesy of Khatia Dekanoidzeხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2024
გამოწერა
ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს არჩევნების წინ ძალების გადანაწილება
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციას საკუთარი ეგო ხელს უშლის კოალიციის შექმნაში, კოალიციური მთავრობა კი არის ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოში ერთპარტიული მმართველობის შესაცვლელად, აცხადებენ ქალი-პოლიტიკოსები.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.
„კოალიციური მთავრობა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ დასრულდეს ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში და შეიცვალოს პოლიტიკური ძალაუფლება... პოლიტიკური ლიდერების ეგო არ არის დაბალი და ეს არის გამოწვევა“, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
მისი თქმით, ჩნდება კითხვები თუ როგორ ფორმირდება კოალიცია და როგორ მოხდება ძირითადი ეროვნული საკითხების შეთანხმება.
„თუ არ იქნება წინასწარ თანხმობა პრინციპებზე, იქნება ეს სასამართლო რეფორმასთან თუ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, მოსახლეობას გაუჭირდება წარმოიდგინოს თუ რა ტიპის მთავრობით უნდა შეცვალოს მოქმედი ხელისუფლება", - განაცხადა აქუბარდიამ.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
მისი თქმით, ამას სჭირდება წინასწარ მოსამზადებელი პერიოდი და მოსახლეობის დარწმუნება, რომ კოალიციური მთავრობა იქნება ის, რაც მათ ინტერესებს და კეთილდღეობას მოემსახურება.
დეპუტატი: საქართველოს პრეზიდენტი „რადიკალების“ ლიდერობისკენ ისწრაფვის>>>
ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ კოალიციური მთავრობა იყო „ვარდების რევოლუციის“, ასევე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ - 2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რამდენიმე სხვა ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციაში მოვიდა.
„ისტორიაში არსებობს შესაძლებლობები და ამას სჭირდება ძლიერი ლიდერები, რომლებიც გამონახავენ კომპრომისებს. ის ფაქტი, რომ ლიდერების კრიზისია, ახალი არ არის. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, აშშ-შია ლიდერობის კრიზისი. ამის მიუხედავად, აუცილებელია პასუხისმგებლობის აღება და გაზიარება, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს“, – განაცხადა აქუბარდიამ.
პოლიტიკოსები პოზიციებს იცვლიან, ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, მაგრამ პრობლემა გადაჭრადია - საჭიროა დათმობები, განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
„საქართველოში პოლიტიკა პოლარიზებულია. არსებობს მომენტები, როცა ერთ დღეს ერთი პოზიცია აქვთ, მეორე დღეს – მეორე. ხშირად ვერ თანხმდებიან ერთმანეთთან, კამათობენ პოლიტიკოსები, მაგრამ, ვფიქრობ, მოხერხებადია. პასუხისმგებლობას როცა გაკისრებს მოსახლეობა, იქ სხვა გამოსავალი არ გაქვს. შესაძლებელია, იყოს შეთანხმებები, ამას მოჰყვეს კამათი, ასეთია კოალიციების არსი. ვიღაცამ რაღაც უნდა დათმოს", - განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ქართულ პოლიტიკაში სულ უფრო მეტი ქალის გამოჩენაა.
„სრული სერიოზულობით ვამბობ, ამის ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში, რადგან ქალებს მეტად აქვთ კომუნიკაციის უნარი, დათმობის სურვილი და უფრო სხვანაირად შეიძლება უყურებდნენ პოლიტიკას, უფრო არაკონფრონტაციულად“, – განაცხადა დეკანოიძემ.
6 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
მმართველ პარტიაში პრეზიდენტის ინიციატივას „რადიკალური ოპოზიციის“ შტაბის ხელმძღვანელობისკენ სწრაფვა უწოდეს, რომლის მიზანი იქნება არა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, არამედ არჩევნების დისკრედიტაცია.
ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს არჩევნების წინ ძალების გადანაწილება და პოლიტიკოსები აქტიურ დიალოგში არიან ჩართული ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე. 2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა“. საქართველოს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0