მიულოცა თუ არა ზურაბიშვილმა ალიევს არჩევნებში გამარჯვება

© photo: Sputnik / Алексей Даничевილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2024
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სხვა ლიდერების წერილებს შორის არ გამოუქვეყნებია.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევს 9 თებერვალს არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით ოფიციალური მისალოცი წერილი გაუგზავნა, განაცხადეს სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებების საპასუხოდ.
მანამდე საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზურაბიშვილმა ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა და აღნიშნეს, რომ ის ამით ქვეყნის ინტერესებს ზიანს აყენებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა", - განაცხადეს ადმინისტრაციაში.
წერილი ჯერ კიდევ 9 თებერვალს გაიგზავნა, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნები 7 თებერვალს გაიმართა. ამასთან, ზურაბიშვილის წერილი ილჰამ ალიევის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირების მილოცვებს შორის, არ არის.
აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 92,12%-ით იმარჯვებს. ასეთ მონაცემებს აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ავრცელებს. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 76,43% შეადგინა.
რატომ არ მიულოცა ზურაბიშვილმა ალიევს არჩევნებში გამარჯვება? წულუკიანის განმარტება>>
სანამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება გამოქვეყნდებოდა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ზურაბიშვილი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ალიევს არ მიულოცა. მდინარაძის თქმით, პრეზიდენტი საქართველოს მიზანმიმართულად ვნებს.
„მას ხშირად მიულოცია გამარჯვება ეგზიტპოლზე დაყრდნობით, ახლა, ასევე მეგობარ ქვეყანასა და მის პრეზიდენტს გამარჯვებას შეგნებულად არ ულოცავს. მარტივი ამბავია - მავნებლობის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი", - განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე გაიხსენა პრეზიდენტის ფრანგული ტელეარხი LCI-სთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თუ ოდესმე ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სასამართლოს წინაშე წარდგება, ეს ისტორიული შედეგი იქნება და ბევრ კითხვას თავის ადგილს მიუჩენს.
„საბოდიშოდ გაგვიხადა საქმე", - აღნიშნა მდინარაძემ.
მიუღებელია – პრემიერმა სი ძინპინთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკა>>
პრეზიდენტი გააკრიტიკა საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმაც. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ სიბეცეს იჩენს, როდესაც მან გადაწყვიტა, არ მიულოცოს ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
ვიცე-პრემიერის განმარტებით, ზურაბიშვილი აგრძელებს ე.წ. პატრონებისგან მიღებული დავალებების შესრულებას, რათა საქართველოში შექმნას რისკები და გაზარდოს ეკონომიკური საფრთხეები.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ილჰამ ალიევს ჯერ კიდევ გასულ კვირაში მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პასუხად მთავრობის მეთაურად დანიშვნის მილოცვა მიიღო. საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველმა პირებმა ტელეფონით ისაუბრეს.
ყველა ახალი ამბავი
0