რატომ არ მიულოცა ზურაბიშვილმა ალიევს არჩევნებში გამარჯვება? წულუკიანის განმარტება
© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის დუმილი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას გულისხმობს, ჩვენი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია, განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.
აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 92,12%-ით იმარჯვებს. ასეთ მონაცემებს აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ავრცელებს. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 76,43% შეადგინა.
„გვინდა შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ეს ის რეგიონია, სადაც ბოლო წლებში გაზრდილია გეოპოლიტიკური, უსაფრთხოების რისკები, რომ საქართველოს მთავრობა დღენიადაგ ზრუნავს იმის ტაობაზე, რომ ეს რისკები დააზღვიოს. ამ ფონზე პრეზიდენტი, რომელიც არის უმაღლესი მთავარსარდალი, თავს იკავებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცოს ჩვენს მეზობელ პარტნიორს, მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს. ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს", - განაცხადა წულუკიანმა.
ვიცე-პრემიერის განმარტებით, ზურაბიშვილი აგრძელებს ე.წ.„პატრონებისგან" მიღებული დავალებების შესრულებას.
„ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე და მისი, როგორც პრეზიდენტის მიზანი უნდა იყოს წინასწარ დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები, მაქსიმალურად მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდეს ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის არის აზერბაიჯანი, თუმცა, როგორც ჩანს, მისი მიზანია მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში, გაიზარდოს ეკონომიკური საფრთხეები და ა.შ. ეს მისი მიზანია, რაც, სულ მცირე, სამწუხაროა“, - აღნიშნა წულუკიანმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილს „რადიკალური ოპოზიციის“ შემადგენელ ნაწილს უწოდებს.
„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას“ შეუერთდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელთა მიზანიც ქვეყანაში ვითარების დაძაბვა, ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა და ქვეყნის ომში ჩათრევაა.
წულუკიანის თქმით, არ შეიძლება დაეყრდნოს ახსნას, რომ არჩევნებში ალიევის გამარჯვება ჯერ არ არის საბოლოოდ დადასტურებული.
„გაზიარებული ვერ იქნება ახსნა, რომ ჯერ საბოლოოდ არ არის დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ალიევს. ჩვენ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როცა ქალბატონმა სალომემ არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურებამდე მიულოცა მაკრონს, რაც ბუნებრივი და მისასალმებელი იყო", - განაცხადა წულუკიანმა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.