მე ამით დავითრგუნებოდი - კობახიძე სააკაშვილის დეპრესიის მიზეზებზე

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილმა დაპატიმრებიდან დღემდე ციხეში გაატარა ექვს თვეზე ნაკლები, დანარჩენი დრო კლინიკებში იმყოფება
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა იმიტომაა დათრგუნულ მდგომარეობაშია, რომ სხვა პატიმრები სასჯელს იხდიან ციხის საკნებში, თვითონ კი ორადგილიან პალატაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ.
დაპატიმრებიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი დრო ის კლინიკებში იყო: ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან – კლინიკა „ვივამედში". ექსპერტების ბოლო შეფასებით, სააკაშვილს ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გარდა დეპრესიაც აღენიშნება.
„შეიძლება, ადამიანი დაითრგუნოს იმით, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია სხვა პატიმრებთან შედარებით. სხვა პატიმრებს უწევთ საკანში პატიმრობის ვადის მოხდა, მიხეილ სააკაშვილი არის ოროთახიან პალატაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მორალური შეხედულებიდან გამომდინარე, მე ამით დავითრგუნებოდი“, - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკა „ვივამედიდან“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმების შესაბამისი რეკომენდაციის შემდეგ მიიღება.
როდის გადაიყვანენ სააკაშვილს კლინიკიდან ციხეში - იუსტიციის მინისტრის პასუხი >>
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად 25 იანვარს კლინიკაში „ვივამედში“ მორიგი ვიზიტით იმყოფებოდა. დასკვნის მიხედვით, დინამიკა დადებითია, ექს-პრეზიდენტმა წონაში მოიმატა, მაგრამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა „მდგრადი დადებითი პროგნოზის“ გაკეთების საშუალებას. მას აქვს კოგნიტური დარღვევები, კუნთების ჰიპოტროფია, ნევროპატია, შფოთი და დეპრესია.
კონსილიუმის წევრთა აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას. ექიმთა ჯგუფი მორიგ ვიზიტს პაციენტთან განახორციელებს საჭიროების შესაბამისად.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
რა დარღვევები გამოავლინა წამების პრევენციის კომიტეტმა სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის დროს>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
ომბუდსმენი გააგრძელებს თანამშრომლობას სააკაშვილის ჯანმრთელობის შემფასებელ ექსპერტებთან>>
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0