რა დარღვევები გამოავლინა წამების პრევენციის კომიტეტმა სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის დროს

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
ევროპულმა კომიტეტმა აღნიშნა სააკაშვილის პრივილეგირებული მდგომარეობა სხვა პატიმრებთან შედარებით, რომლებიც კლინიკაში მკურნალობენ
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულ კომიტეტს“ (CPT) არ გამოუვლენია სერიოზული დარღვევები საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში „ვივამედში“ ყოფნის პერიოდში, მაგრამ გამოთქვა რეკომენდაციები პატიმართა მკურნალობასთან დაკავშირებით.
კომიტეტის დელეგაცია საქართველოში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მიწვევით 2023 წლის აგვისტოში იმყოფებოდა და კლინიკაში პაციენტების მკურნალობისა და მოთავსების პირობები დაათვალიერა.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს ანამნეზში ჰქონდა კლინიკის პერსონალთან რთული (თუმცა არა ფიზიკურად ძალადობრივი) ურთიერთობები და ქცევის ისტორია, რომელიც შეიძლება, განიმარტოს, როგორც თვითდაზიანების ფორმა (მაგალითად, უარის თქმა კლინიკის მიერ შემოთავაზებულ საკვებზე და ზოგიერთ შემოთავაზებულ მკურნალობაზე).
ამასთან, კომიტეტმა აღნიშნა, რომ არც ერთი პატიმარი პაციენტი არ უჩიოდა კლინიკის პერსონალს ან მათი მხრიდან ძალადობას.
თუმცა, ევროპულმა კომიტეტმა აღნიშნა სააკაშვილის პრივილეგირებული მდგომარეობა კლინიკაში მოთავსებულ სხვა პატიმრებთან შედარებით, რადგან ექს-პრეზიდენტს აქვს ტელევიზორი, ინტერნეტზე წვდომა, ის იღებს სტუმრებს და მარტოა დიდ პალატაში.
კომიტეტი აღნიშნავს პატიმრობაში მყოფი პაციენტების ზოგად პრობლემას - სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლების ჩამორთმევას, სამარტოო საკნებში განთავსებას ვიდეოკამერების მეთვალყურეობის ქვეშ, ასევე ციხის სამსახურის თანამშრომლების მიერ პროცედურების სრულ კონტროლს.
ომბუდსმენი გააგრძელებს თანამშრომლობას სააკაშვილის ჯანმრთელობის შემფასებელ ექსპერტებთან >>
CPT ასევე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ პაციენტების შესახებ კონფიდენციალური სამედიცინო ინფორმაცია პაციენტის თანხმობის გარეშე არ გადაეცეს არასამედიცინო პერსონალს, მითუმეტეს ჟურნალისტებს. გარდა ამისა, რეკომენდებულია სამარტოო პალატებში პაციენტებისთვის იყოს ხელმისაწვდომი ფსიქიატრის და ფსიქოლოგის მეთვალყურეობა.
როგორც ანგარიშში აღნიშნულია, ვიზიტის შედეგები ადასტურებს არსებულ თვალსაზრისს, რომ პატიმრებთან მომუშავე სამედიცინო პერსონალს არ გააჩნია პროფესიული დამოუკიდებლობა, რაც მუდმივ პრობლემას წარმოადგენს.
„კომიტეტი კვლავ რჩება აზრზე, რომ სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სერვისებზე პასუხისმგებლობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის დიდი ხნის წინ დაგეგმილი გადაცემა აუცილებელი და დაგვიანებულია. კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს გადაცემის პროცესი შემდგომი შეყოვნების გარეშე“, - ნათქვამია ანგარიშში.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
შეიძლება თუ არა სააკაშვილის გადაყვანა კლინიკიდან ციხის საკანში – ექიმის პასუხი>>
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს კლინიკიდან ციხის საკანში – კალაძის პასუხი>>
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0