საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან ათი წლის წინ დაიწყო - ყოფილი ელჩი

© photo: Sputnik / Stringerჩინეთისა და საქართველოს დროშები
ჩინეთისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2024
გამოწერა
„შუა დერეფნის“ პროექტს პოზიტიურად უყურებს თითქმის ყველა ძირითადი გლობალური და რეგიონული მოთამაშე
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ათი წლის წინ დაამყარა, როცა ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ამის შესახებ „პირველ არხზე“ ჩინეთის ყოფილმა ელჩმა დავით აფციაურმა განაცხადა.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ერთაშორის და კულტურულს, ასევე საერთაშორისოს.
„ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო ადრე დავიწყეთ, 2014 წელს, როდესაც ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა“, - განაცხადა აფციაურმა.
ყოფილი ელჩის თქმით, იმავე პერიოდში დაიწყო ჩინური მხარის ინიციატივის „ერთი გზა – ერთი სარტყელი“ პერსპექტივის განხილვები.
ინიციატივა „ერთი გზა – ერთი სარტყელი“ - ეს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის წინადადება სავაჭრო და ინფრასტრუქტურული ქსელის მოსაწყობად, რომელიც ძველი სავაჭრო გზების მარშრუტით აზიას ევროპასა და აფრიკასთან დააკავშირებდა.
დეპუტატი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას >>
„პროექტის „ერთი გზა – ერთი სარტყელი“ ფარგლებში ვიყავით ერთ-ერთი დამფუძნებელი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურის აზიის ბანკის, რომელიც პეკინში მდებარეობს და როდესაც მარშრუტები განიხილებოდა, ერთ-ერთი მარშრუტი იყო შუა დერეფანი, თუმცა პერსპექტივის გათვალისწინებით. ამიტომ დღეს ეს არის გაგრძელება ჩვენი აქტიური თანამშრომლობის, ამ დინამიკის და, რასაკვირველია, გამოკვეთილია ჩინეთის მკაფიო, აქტიური პოზიცია-დაინტერესება, რომ ეს მიმართულება განვითარდეს“, – განაცხადა აფციაურმა.
მისივე თქმით, „შუა დერეფნის“ პროექტს ყველა ძირითადი გლობალური და რეგიონული მოთამაშე პოზიტიურად უყურებს.
შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
ანტიჩინური კამპანია საქართველოს განვითარებას ეწინააღმდეგება - პარლამენტის თავმჯდომარე>>>
მისი თქმით, თუ ჩინეთისთვის მანამდე ევროპის ბაზარი იყო აქტუალური, რაც ახლაც აქტუალურია, ინტერესმა სხვა მიმართულებებითაც უფრო აქტიურად გადაინაცვლა.
ამასთან, დავით აფციაურმა აღნიშნა, რომ სტრატეგია მთელ რიგ პროგრამებშია ასახული და აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ეკონომიკური განვითარების გლობალური ინიციატივები.
დიპლომატის თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს აძლევს უნიკალურ შანსს, წარმოადგინოს ევროპულობა ჩინეთთან თანამშრომლობაში.
„როგორც დამაკავშირებელი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენ გვაძლევს უნიკალურ შანსს, ზუსტად წარმოვადგინოთ ევროპულობა ჩინეთთან თანამშრომლობაში, საერთოდ, მთლიანად აზიის ეკონომიკურად მზარდ რეგიონთან“, – განაცხადა აფციაურმა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია.
ყველა ახალი ამბავი
0