პაპუაშვილი: ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში საქართველომ მშვიდობის შენარჩუნება შეძლო

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2024
გამოწერა
ახალი პრემიერის კანდიდატურას 1 თებერვალს მმართველი პარტიის დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წარადგენს
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ფაქტობრივად, იარაღის ლულის ქვე შეძლო ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედება და უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნაზე უარი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება დაიწყეს რუსეთის დახმარებაში სანქციების გვერდის ავლით.
„შედეგები, რაც ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობით გვაქვს, არის ის, რომ საქართველომ, ფაქტობრივად, განსაკუთრებით ბოლო ორ წელში იარაღის ლულის ქვეშ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოს, რაც ჩვენი ქვეყნის გარშემოა, შეძლო ერთი სანტიმეტრითაც კი არ დაეთმო ქვეყნის ინტერესები და შეენარჩუნებინა მშვიდობა და უსაფრთხოება ქვეყნის შიგნით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
და მეორე, საქართველომ შეძლო მიეღწია უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდისთვის, დასძინა პოლიტიკოსმა.
„მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება მდგომარეობს იმაში, რომ მისი ძალიან მკაფიო პოზიციები იყო განმსაზღვრელი ამ გზაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მთავრობაში მოახლოებული ცვლილებები ოპოზიციისთვის სასიკეთო არაა - კალაძე>>>
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
რაც შეეხება ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომას, პარლამენტის სპიკერის თქმით, ღარიბაშვილმა საკუთარ განცხადებაში ახსნა მიზეზები, რის გამოც მიიღო აღნშნული გადაწყვეტილება.
„მათ შორის, ისაუბრა იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობით ჰქონდა საქართველოს და ახლა, მისი შეფასებითაც, არის ეტაპი, როდესაც გარკვეული როტაცია იქნებოდა მნიშვნელოვანი. მათ შორის, იმ მიზეზის გამო, რომ წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და საჭიროა უფრო სხვანაირი გადანაწილება შიდა პარტიული რესურსების", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს გადადგომისა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ განაცხადა. „გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა“, - განაცხადა მან ბრიფინგზე. ახალი პრემიერის კანდიდატურას 1 თებერვალს წარადგენს მმართველი პარტიის დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა.
პარტიაში განაცხადეს, რომ ახალი პრემიერის პოსტზე განიხილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა მომავალ კვირაში უნდა დაამტკიცოს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილება თანამდებობის დატოვებისთანავე წყდება, მთავრობა კი განაგრძობს ვალდებულებების შესრულებას, სანამ ახალი პრემიერი დაინიშნება. ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი ხდება, მთავრობის მეთაურის მოვალეობას კი პირველი ვიცე–პრემიერი ასრულებს.
ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი გახდა. პარლამენტს ახალი პრემიერისა და მის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის ორი კვირა აქვს.
მთავრობამ ნდობის მისაღებად პარლამენტის სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღოს.
პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ანუ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო". თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მიიღებს 76 ხმას, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნოს.
ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე კი, 2013 წელს იგი პრემიერის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე გახდა, რომელთანაც პოლიტიკოსს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. მაშინ ღარიბაშვილი გახდა საქართველოს ისტორიაში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური (31 წლის).
რაც შეეხება კობახიძეს, იგი 46 წლისაა. 2021 წლის იანვრიდან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეა. მანამდე კი მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივნის პოსტი ეკავა.
ყველა ახალი ამბავი
0