„ალტ-ინფოს" წევრი გაათავისუფლეს - ადვოკატის კომენტარი

© photo: Sputnik / Stringerსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2024
გამოწერა
ბექა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩაატარა
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ქართველ ბლოგერს, საინფორმაციო პლატფორმა „ალტ-ინფოს“ წევრ ბექა ვარდოსანიძეს, რომელიც ოთხშაბათს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე გადაიყვანეს, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებები ელექტრონული ფოსტით არ გაუგზავნია, განაცხადა ჟურნალისტებთან ვარდოსანიძის ადვოკატმა სერგო ხურციძემ.
ვარდოსანიძესუს-ში გამოკითხვაზე გადაიყვანეს იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი ელექტრონული ფოსტიდან სხვადასხვა უწყებებში ტერორისტული მუქარის შემცველი შეტყობინებები იყო გაგზავნილი.
„ელექტრონული ფოსტა გაიხსნა და აღმოჩნდა, რომ მისგან მსგავსი არაფერი იყო გაგზავნილი. გამოძიება გრძელდება, კიდევ ერთხელ მოგვიწევს აქ მოსვლა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა“, - განაცხადა ხურციძემ.
გამოკითხვამდე ბლოგერის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და პოლიციამ სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა ამოიღო.
ბექა ვარდოსანიძის სახლი გაჩხრიკეს: სუს-ი „ალტ-ინფოსთან“ აფილირებული ბლოგერით დაინტერესდა>>>
იმავდროულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სწორედ ვარდოსანიძის ელექტრონული ფოსტის მისამართიდან გაიგზავნა ტერორისტული მუქარის შემცველი იდენტური შეტყობინებები სუ-ის, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ტელეკომპანია „იმედის" ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე.
ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები.
ტერორიზმის შესახებ ცრუ განცხადებების საქმემ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მას შემდეგ, რაც იანვრის ბოლოს ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ბათუმის სავაჭრო ცენტრებში - „ბათუმი მოლში", „გრანდ მოლში", „მეტრო მოლში" და „ბათუმი პლაზაში", ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ანონიმმა პირმა განაცხადა.
სუსი: სავაჭრო ცენტრებში ბომბის განთავსების შესახებ შეტყობინება უცხოეთიდან განხორციელდა>>>
როგორც ადრე სუს-ში განაცხადეს, შეტყობინებები ბათუმის სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.
გარდა ამისა, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ საზღვარგარეთიდან ცრუ შეტყობინებების განხორციელება უკავშირდება „საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან“.
გავრცელებული ინფორმაციით, შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. გამოძიებას სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრი აწარმოებს.
ყველა ახალი ამბავი
0