სუსი: სავაჭრო ცენტრებში ბომბის განთავსების შესახებ შეტყობინება უცხოეთიდან განხორციელდა

© photo: Sputnikსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე.
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. შეტყობინებები ბათუმის სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
21 იანვარს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ „112"-ში ბათუმის სავაჭრო ცენტრებში - „ბათუმი მოლი", „გრანდ მოლი", „მეტრო მოლი" და „ბათუმი პლაზა" შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ ინფორმაცია შევიდა. აღნიშნული ობიექტებიდან თანამშრომლების და მომხმარებლების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.
მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიებები გატარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.
„ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე.
მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.
გარდა ამისა, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ საზღვარგარეთიდან ცრუ შეტყობინებების განხორციელება უკავშირდება „საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან“.
გავრცელებული ინფორმაციით, შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე.
ყველა ახალი ამბავი
0