დეპუტატი: ღარიბაშვილმა საქართველოში ომის თავიდან აცილება შეძლო

© photo: Sputnik / Stringerსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2024
გამოწერა
სუბარის თქმით, ღარიბაშვილის მიერ ნათქვამმა ოთხმა სიტყვამ, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა, ქვეყანა ომს გადაარჩინა.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილმა არა მხოლოდ ომში ჩართვას გადაარჩინა საქართველო, არამედ შეძლო გაეორმაგებინა ქვეყნის ეკონომიკა, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა სოზარ სუბარმა.
საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნაზე უარი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება დაიწყეს რუსეთის დახმარებაში სანქციების გვერდის ავლით.

„ამ ურთულეს პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილმა არა მხოლოდ ომში ჩართვას გადაარჩინა ჩვენი სამშობლო, არამედ შეძლო გაეორმაგებინა ქვეყნის ეკონომიკა და დღეს ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოში. ზრდის ამ ტემპით საქართველო განვითარებადი ქვეყნის სტატუსიდან მალე გადავა განვითარებული ქვეყნების ლიგაში, რაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზეც აისახება“, - განაცხადა სუბარმა.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდგომი პერიოდი იყო და რჩება საქართველოსთვის ურთულეს პერიოდად.
„ჩვენზე იყო უზარმაზარი ზეწოლა, რომ საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან მტკიცე და პატრიოტულმა პოზიციამ განსაკუთრებული როლი ითამაშა, რომ საქართველოს ამ ზეწოლისთვის გაეძლო", - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, ღარიბაშვილის მიერ ნათქვამმა ოთხმა სიტყვამ, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა, ქვეყანა ომს გადაარჩინა.
„ამ ოთხი სიტყვისთვის მას წარმოუდგენელი შეურაცხყოფებისა და თავდასხმების ატანა მოუწია მაგრამ ქვეყანა გადარჩა და ამ სიმტკიცისთვის მას მადლობა ეკუთვნის საქართველოს თითოეული მოქალაქისგან - ყველასგან, ვისაც უყვარს საქართველო და ვინც არ არის უცხო ქვეყნის აგენტი", - განაცხადა სუბარმა.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
ჩინეთი საქართველოსთვის სამაგალითო ქვეყანაა - „ქართული ოცნების" ლიდერი პეკინში ვიზიტზე>>>
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
სუბარის თქმით, ღარიბაშვილი 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირველად განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, იყო გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი.
„მან ურთულეს პერიოდებში იმუშავა ურთულეს პოსტებზე, ყველგან თავისი კაცური სიტყვა თქვა და თავისი კვალი დააჩნია ქვეყნის წინსვლას", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
პოლიტიკოსის თქმით, სწორედ მისი ხელმძღვანელობით, მისი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები.
„მეორე ვადით პრემიერობის დროს კი, ეს ყველაფერი დააგვირგვინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით“, - განაცხადა სუბარმა.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
პრემიერის შეცვლა მთავრობის შეცვლას გამოიწვევს - პოლიტოლოგი ღარიბაშვილის გადადგომაზე>>>
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი როლი ითამაშა. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება მთავარი მიმართულებაა, თუმცა, ამის პარალელურად ძალზე მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ურთიერთობების დივერსიფიკაცია როგორც მეზობელ, ისე უფრო შორეულ ქვეყნებთან.
„არაბული ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი ის მიმართულებაა, რომლებთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია დიდ როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკის სწრაფ ზრდაში. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩინეთთან დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც", - განაცხადა სუბარმა.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,5%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 57,1%-ით შემცირდა და 283,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 21,4%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0