ჩინეთი საქართველოსთვის სამაგალითო ქვეყანაა - „ქართული ოცნების" ლიდერი პეკინში ვიზიტზე

გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, თანამშრომლობაზე ჩინური მხარის მზადყოფნა ამ ქვეყნიდან ინვესტიციების გაზრდის იმედს იძლევა.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ჩინეთმა ბოლო წლებში ეკონომიკური თვალსაზრისით დიდ პროგრესს მიაღწია, რაც საქართველოსთვის მაგალითია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის დელეგაცია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა. „ქართული ოცნების" დეპუტატების ვიზიტი ჩინეთში 15 იანვარს დაიწყო და 20 იანვარს დასრულდა.
„ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანა მოდერნიზაციის, ეკონომიკური პროგრესის კუთხით. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩინეთს ეკონომიკური თვალსაზრისით, უდიდესი პროგრესი ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანაც. ეს ქმნის თანამშრომლობის ძალიან კარგ პოტენციალს", - განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკოსის თქმით, ვიზიტის მსვლელობისას საუბარი შეეხებოდა კონკრეტულ დეტალებს, კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, კერძოდ, ანაკლიის პორტის მნიშვნელობას საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შემდგომი განვითარებისთვის, რითაც ჩინეთი პირდაპირ არის დაინტერესებული.
„არსებობს ძალიან კონკრეტული თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა კობახიძემ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წელს იგეგმება, აღნიშნული პროექტი იქნება ერთ-ერთი სამაგალითო მთელს შავი ზღვის აკვატორიაში.
როდის დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა - მთავრობის გეგმა>>>
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
2023 წლის თებერვალში კერძო პარტნიორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა და უკვე ივნისში განაცხადები შეიტანა ოთხმა კომპანიამ. მომდევნო ეტაპზე გადავიდა ორი კომპანია, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა - შვეიცარიულ-ლუქსენბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.
კანდიდატებს წინადადებების წარსადგენად ვადა 2024 წლის 19 თებერვლამდე მიეცათ.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, თანამშრომლობაზე ჩინური მხარის მზადყოფნა ამ ქვეყნიდან ინვესტიციების გაზრდის იმედს იძლევა.
„ჩვენი ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან მყარ საფუძველს“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,5%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 57,1%-ით შემცირდა და 283,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 21,4%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0