საქართველოს ხელისუფლებაში უცნაური საკადრო ცვლილებები ხდება - პოლიტოლოგი

© photo: Sputnik / Stringerპოლიტოლოგი ვასო კაპანაძე
პოლიტოლოგი ვასო კაპანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა ერთი თვის წინ განაცხადა, რომ მთავრობასა და პარტიაში ცვლილებები არ იგეგმება.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოსალოდნელი დანიშვნა ამ თანამდებობაზე ძალიან უცნაურად გამოიყურება, – ამის შესახებ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში პოლიტოლოგმა ვასო კაპანაძემ განაცხადა.
ორშაბათს, 29 იანვარს ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ინიშნება. „გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა“, - განაცხადა მან ბრიფინგზე. ღარიბაშვილის თქმით, გუნდი ახლა სხვა ამოცანების წინაშე დგას: „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის.
„ძალიან უცნაურად გამოიყურება ასეთი გადანაცვლება, როცა პრემიერ-მინისტრი ტოვებს თანამდებობას და, გავრცელებული ხმების თანახმად, მის პოსტს პარტიის თავმჯდომარე დაიკავებს. ბევრი კითხვა ჩნდება, რადგან უცნობია, როგორ მოიქცევიან ისინი ახალ თანამდებობებზე და რამდენად უზრუნველყოფს ასეთი ცვლილებები მმართველი პარტიის მუშაობის ეფექტურობას“, - განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომავალში.
მედია ირწმუნება, რომ პრემიერის შემდეგ მთავრობის რამდენიმე წევრი შეიცვლება - საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვის, თავდაცვისა და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. თავდაცვის მინისტრის პოსტზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა განიხილება.
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, მთელი მთავრობა უნდა გადადგეს. მინისტრთა კაბინეტის წევრები მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან მანამ, სანამ პარლამენტი არ დაამტკიცებს ახალ პრემიერ-მინისტრს ახალი მთავრობითა და სამთავრობო პროგრამით.
ერთი თვის წინ, 2023 წლის 30 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილი, როცა პოლიტიკაში დაბრუნდა და მის მიერ დაარსებული „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, კატეგორიულად უარყოფდა მთავრობასა და პარტიაში მოახლოებულ ცვლილებებს.
პრემიერის და მისი ვაჟის აშშ-ში გამგზავრება სკანდალად იქცა - მთავრობის განმარტება >>
რაც შეეხება ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის იქნება „ქართული ოცნების“ მთავარი მრჩეველი და სიმძიმის ცენტრის მისიას შეასრულებს. პარტიის წესდებაში შესული ცვლილებების თანახმად, ამიერიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სწორედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე წარადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0