„ქართულ ოცნებაში" უფრო მეტი კონსერვატორი გამოჩნდება - პოლიტოლოგი

© AP Photo / Andreea Alexandruირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა ერთი თვის წინ განაცხადა, რომ მთავრობასა და პარტიაში ცვლილებები არ იგეგმება.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნით პარტიულ შემადგენლობაში უფრო მეტი კონსერვატორი გამოჩნდება, განაცხადა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა თემურ მაისურაძემ „Sputni-საქართველოსთან" ინტერვიუში.
პრემიერმა ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიიღო პოლიტსაბჭოს შეთავაზება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტის დაკავების თაობაზე.
„ნათელია, რომ ეს არის წინასაარჩევნო მოქმედება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს მისია ღარიბაშვილს ეკისრება, აქ შეიძლება ვივარაუდოთ ერთი რამ - პარტიულ შემადგენლობაში ბევრი ლიბერალი კონსერვატიული აზროვნების მქონე ადამიანით ჩანაცვლდება, რადგანაც საზოგადოებაში თავად ირაკლი ღარიბაშვილი აღიქმება, როგორც კონსერვატიული აზროვნების ადამიანი“, - განაცხადა მაისურაძემ.
მისი აზრით, ამ მიმართულებით პარტიის გაძლიერება სწორი და შედეგიანი იქნება, რადგანაც საზოგადოება ელოდება კონსერვატიულ საქართველოს, ტრადიციებზე დაფუძნებულ კონსერვატიულ მმართველობას და, შესაბამისად, საუკეთესო ვარიანტია ღარიბაშვილი, რადგანაც ეს არის ადამიანი, რომელსაც იცნობენ ამ თვისებებით და ვისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას.
„საგარეო და საშინაო პოლიტიკის ტრანსფორმაციის პირობებში აუცილებელი და საჭირო გახდა შიდაპარტიული შემადგენლობის სრული რეკონსტრუქცია", - აღნიშნა მაისურაძემ.
როგორც ექსპერტმა განმარტა, იმისთვის, რომ უფრო ზუსტი ანალიზი გაკეთდეს, აუცილებელია ცოდნა თუ რა ხდება პარტიის შიგნით, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად არსებობს კონკრეტული საკითხები, რომლებიც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვითარება უცვლელი დარჩეს, მით უმეტეს, მოახლოებული არჩევნების წინ.
„არსებობს ასეთი რუსული გამოთქმა: „коней на переправе не меняют", ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი წინასაარჩევნო სტრატეგია ექნება პოლიტიკურ პარტიას“, - აღნიშნა მაისურაძემ.
ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე კი, 2013 წელს იგი პრემიერის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე გახდა, რომელთანაც პოლიტიკოსს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. მაშინ ღარიბაშვილი გახდა საქართველოს ისტორიაში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური (31 წლის).
მედია ირწმუნება, რომ პრემიერის კვალდაკვალ მთავრობის რამდენიმე წევრიც შეიცვლება - საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვის, თავდაცვისა და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. თავდაცვის მინისტრის პოსტზე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა განიხილება.
საქართველოს ხელისუფლებაში უცნაური საკადრო ცვლილებები ხდება - პოლიტოლოგი>>>
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, მთელი მთავრობა უნდა გადადგეს. მინისტრთა კაბინეტის წევრები მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან მანამ, სანამ პარლამენტი არ დაამტკიცებს ახალ პრემიერ-მინისტრს ახალი მთავრობითა და სამთავრობო პროგრამით.
ერთი თვის წინ, 2023 წლის 30 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილი, როცა პოლიტიკაში დაბრუნდა და მის მიერ დაარსებული „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, კატეგორიულად უარყოფდა მთავრობასა და პარტიაში მოახლოებულ ცვლილებებს.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის იქნება „ქართული ოცნების“ მთავარი მრჩეველი და სიმძიმის ცენტრის მისიას შეასრულებს. პარტიის წესდებაში შესული ცვლილებების თანახმად, ამიერიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სწორედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე წარადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0