მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„დაიწყება ორიოდე დღეში“: აშშ ირანისთვის სამხედრო პასუხს ამზადებს

© AP Photo / J. David Ake
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
თბილისი, 30 იანვარი − Sputnik. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ცალსახად ადანაშაულებს ირანს იორდანიის ბაზაზე თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვაში, თანაშემწეებს თეირანისთვის საპასუხო ზომების ვარიანტების მომზადება დაავალა − მათ შორის, სამხედრო პასუხის ჩათვლით, იტყობინება Politico სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.
მათი ცნობით, ბაიდენმა, რომელიც შეერთებული შტატების მორიგ ახლოაღმოსავლურ ომში ჩათრევისგან თავის არიდებას ცდილობს, თავის მრჩევლებს იმგვარი ვარიანტების შემუშავება დაავალა, რომლებიც სხვა შეტევებს შეაკავებს, თუმცა იმავდროულად „უკვე გაღვივებულ რეგიონში“ ვითარების შემდგომ დაძაბვას აღკვეთს.
არსებული ინფორმაციით, ვარიანტები, რომლებსაც პენტაგონი განიხილავს, შეიძლება მოიცავდეს სირიაში ან ერაყში ირანელ სამხედრო პერსონალზე დარტყმას, ან სპარსეთის ყურეში ირანის საზღვაო ძალების ობიექტებზე შეტევას.
„ოფიციალური პირების ვარაუდით, როგორც კი პრეზიდენტი საპასუხო ზომებს მოიწონებს, ისინი, დიდი ალბათობით, ორიოდე დღეში დაიწყება და ტალღისებურად იქნება მიმართული არაერთი სამიზნისკენ“, − წერს Politico.
მანამდე, 29 იანვარს, გამოცემა Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას „უფრო ძლიერი პასუხი“ მოჰყვება შეერთებული შტატებისგან, ვიდრე ისრაელზე ჰამასის თავდასხმას მოჰყვა. რეაგირების შესაძლო ვარიანტებს შორის მან ირანის წინააღმდეგ „საიდუმლო“ ოპერაციაც დაასახელა.
იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 იანვარს მოხდა. როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, ბაზას დრონებით შეუტიეს, რა დროსაც სამი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 34 დაშავდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ბოევიკები დაადანაშაულა, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. ირანი შეტევაში მონაწილეობას უარყოფს.
მოგვიანებით ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა შიიტურმა მოძრაობა „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო და განაცხადა, რომ თუ აშშ ისრაელის მხარდაჭერას განაგრძობს, მოძრაობა შეუტევს ყველა სამიზნეს, რომლებიც რეგიონში შეერთებული შტატების ინტერესებში შედის.
წყარო: Politico
ყველა ახალი ამბავი
0