რა გეგმები ჰქონდა Cartu-ს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით? ფონდის განცხადება

© Courtesy of Georgian Ministry of Labour, Health and Social Affairsრესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2024
გამოწერა
ფონდმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ საქველმოქმედო ფონდ Cartu-ს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) შენობასთან დაკავშირებით გეგმები ჰქონდა, თუმცა მას ყველასთვის ცნობილმა 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა შეუშალა ხელი, რის შემდეგაც ფონდმა შეზღუდა კონტაქტები მაშინდელ ხელისუფლებასთან, ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავს. მათი მთავარი მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შეჩერება და კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციის გაუქმებაა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ შენობის გარემონტებას იმგვარად, რომ თანამშრომლების ნაწილმა საავადმყოფოში მუშაობა გააგრძელოს. ამასთან, 5 თებერვლამდე მათ ჯანდაცვის სამინისტროს წინადადება უნდა მიიღონ - დათანხმდნენ ფულად ანაზღაურებას, ან სხვა კლინიკაში მუშაობას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვინაიდან საავადმყოფოს თანამშრომლებმა წერილობით მიმართეს ფონდს და საჯარო გამოსვლებში „ქართუსაც" ახსენებდნენ, ისინი საჭიროდ მიიჩნევენ აღნიშნულ საკითხზე განმარტების გაკეთებას.
ქუჩიდან სასამართლოში: რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს სარჩელი შეაქვს>>>
გავრცელებული ინფორმაციით, ფონდ „ქართუს“ წლების წინ მართლაც ჰქონდა მიზნები და გეგმავდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირეულ გადაკეთებას - 2007 წელს ფონდის დაკვეთით ცნობილმა ბრიტანულმა საინჟინრო-კონსტრუქციულმა კომპანია ARUP-მა მოამზადა კვლევა და დაამუშავა შესაბამისი კონცეფცია.
როგორც ფონდში აღნიშნეს, პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოხდებოდა საავადმყოფოს კომპლექსის ძირეული გადაკეთება, განხორციელდებოდა არსებული ამორტიზირებული შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი, მას შეეცვლებოდა ფუნქცია – კლინიკის მაგიერ იქ განთავსდებოდა სამედიცინო ინსტიტუტი და სასწავლებელი, ხოლო დღევანდელი შიდა ეზოს ადგილზე აღიმართებოდა კლინიკის ახალი კორპუსები საერთო ფართით - 56 ათასი კვადრატული მეტრი.
„პროექტის განხორციელების შემთხვევაში საავადმყოფო სრულად დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებსა და შეძლებდა სტაციონარული წესით ერთდროულად 772 პაციენტის მიღებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა არსებული შენობის არასახარბიელო მდგომარეობა და კონსტრუქციული დეფექტები.
„ძველი შენობა თვისობრივად არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. საბოლოოდ გამოიკვეთა ახალი შენობების აშენების აუცილებლობა. ამ გეგმებს ხელი შეუშალა 2007 წლის ნოემბრის ცნობილმა მოვლენებმა, რის შემდეგაც ფონდმა ძირეულად შეზღუდა კონტაქტები მაშინდელ ხელისუფლებასთან", - ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, ფონდში აღნიშნეს, რომ Cartu-ს ძალისხმევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართებაში არ შემოიფარგლება ხსენებული პროექტის მომზადებით.
საერთო ჯამში, სხვადასხვა პერიოდში ფონდის კონტრიბუციამ საავადმყოფოს სასარგებლოდ შეადგინა 35 მლნ დოლარზე მეტი. აღნიშნული თანხებით მოხდა საავადმყოფოს შენობის წინა მხარის მიშენება, გარკვეული ნაწილის რეკონსტრუქცია-რემონტი და ასევე შეძენილ იქნა სამედიცინო აპარატურა და ავეჯი“,- აღნიშნულია განცხადებაში.
რესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.
ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.
სამშაბათს, 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ძლიერი ქარის შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ სამედიცინო დაწესებულების სახიფათო ზონები დახურა და ტერიტორიის ირგვლივ მოძრაობა შეზღუდა.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.
ყველა ახალი ამბავი
0