„ეს არის მზადება არჩევნებისთვის" - პოლიტოლოგი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ

© photo: Sputnik / Stringerლალი მოროშკინა
ლალი მოროშკინა - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2024
გამოწერა
მსგავსი ცვლილებები ყოველთვის კარგ გავლენას ახდენს შემდგომ პოლიტიკაზე, დარწმუნებულია ექსპერტი
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომა არის ჩვეულებრივი როტაცია, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო მზადებას უკავშირდება, ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლალი მოროშკინამ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში განაცხადა.
ორშაბათს, 29 იანვარს ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ინიშნება. „გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა“, - განაცხადა მან ბრიფინგზე. ღარიბაშვილის თქმით, გუნდი ახლა სხვა ამოცანების წინაშე დგას: „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის.
„ეს არის ჩვეულებრივი როტაცია. ის, რომ ორმა ირაკლიმ გაცვალა ადგილი, არ ნიშნავს, რომ რაიმე ძირეულად იცვლება. პოლიტიკა იგივე რჩება და ის, რომ „მეოცნებეები" ახლა არჩევნებისთვის ემზადებიან, ყველასთვის გასაგებია. ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბშვილი შესანიშნავად გაართმევს თავს ამოცანას და არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა ადგილზეა“, - განაცხადა მოროშკინამ.
მისი თქმით, ასეთი ცვლილებები ყოველთვის კარგ გავლენას ახდენს შემდგომ პოლიტიკაზე.
„ვფიქრობ, რომ სხვა როტაციებსაც ვიხილავთ. და ესეც ნორმალურია. მთავარია, გუნდი ერთიანი იყოს და არავინ არსაიდან არ წავიდეს", - აღნიშნა მოროშკინამ.
მოროშკინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდება.
„ვფიქრობ, ეს არის ახალი სისხლი, ახალი ძალა... სამწუხაროდ, ოპოზიციას ძალიან უნდა ამ ყველაფრისგან სკანდალის ატეხვა, მაგრამ არაფერი გამოვა, ეს სრულიად არასკანდალური ინფორმაციაა. მიმდინარეობს არჩევნებისთვის მზადება. ეს ახლა ყველაზე ძირითადი და მთავარია“, - აღნიშნა მოროშკინამ.
მისი თქმით, კობახიძე ამ ამოცანას გაართმევს თავს, რადგან ის არის ბრწყინვალე კონსტიტუციონალისტი და ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი პოლიტიკაში.
ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს ორჯერ იკავებდა: 2021 წლიდან 2024 წლამდე და 2013 წლიდან 2015 წლამდე. ის იყო მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი პარტია „ქართული ოცნების“ დაარსების პერიოდში.
მედია: მთავრობაში საკადრო ცვლილებები ექვს მინისტრს შეეხება>>
მედია ირწმუნება, რომ პრემიერის შემდეგ მთავრობის რამდენიმე წევრი შეიცვლება - საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვის, თავდაცვისა და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. თავდაცვის მინისტრის პოსტზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა განიხილება.
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, მთელი მთავრობა უნდა გადადგეს. მინისტრთა კაბინეტის წევრები მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან მანამ, სანამ პარლამენტი არ დაამტკიცებს ახალ პრემიერ-მინისტრს ახალი მთავრობითა და სამთავრობო პროგრამით.
ერთი თვის წინ, 2023 წლის 30 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილი, როცა პოლიტიკაში დაბრუნდა და მის მიერ დაარსებული „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, კატეგორიულად უარყოფდა მთავრობასა და პარტიაში მოახლოებულ ცვლილებებს.
პრემიერის და მისი ვაჟის აშშ-ში გამგზავრება სკანდალად იქცა - მთავრობის განმარტება >>
რაც შეეხება ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის იქნება „ქართული ოცნების“ მთავარი მრჩეველი და სიმძიმის ცენტრის მისიას შეასრულებს. პარტიის წესდებაში შესული ცვლილებების თანახმად, ამიერიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სწორედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე წარადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0