„ლელო" „ნაცმოძრაობას" უფრო უხდება - იაგო ხვიჩია

© photo: Sputnikპარტია „ლელო"
პარტია „ლელო - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის", 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" უნდა თანამშრომლობდეს, რადგან ერთმანეთს უხდებიან, განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან" იაგო ხვიჩიამ.
„ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ უფრო ადრე განაცხადა, რომ ძველ პარტიებსა და ძველ მენტალიტეტს ბოლო უნდა მოეღოს და თავის პარტიას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და „ნაცმოძრაობის" რეალური ალტერნატივა უწოდა საპარლამენტო არჩევნებზე. „ქართულ ოცნებაში" კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „ლელოს", „საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელსა" და „დროას" კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა" და „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებენ.
„ნაციონალური მოძრაობის" მიღმა ერთმანეთთან თუ გაერთიანდებიან, შეიძლება რაღაც შანსი ჰქონდეთ. თან მე მგონია, რომ შინაგანად „ლელო" უფრო „ნაცური" პარტიაა და მოუხდება „ნაცმოძრაობას", - განაცხადა ხვიჩიამ.
პოლიტიკოსის აზრით, მაგალითად, „ლელოს" ფული გააძლიერებდა „ნაცმოძრაობას" და „ლელოს" პარლამენტში ახალი პოლიტიკოსების შეყვანაში დაეხმარებოდა „ნაციონალური მოძრაობის" სიებით.
პარტია „ლელო"
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ერთი ორისთვის - „ნაციონალური მოძრაობის" კონსულტანტი რჩევებს პარტიას „ლელოსაც" მისცემს>>
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
სარჯველაძე: „ლელო“ არის არა ალტერნატივა, არამედ „ნაცმოძრაობა“ ახალი შეფუთვით>>
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებში შესაძლო კოალიციისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დააანონსეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაც, რომლებიც გამოკითხვებში ჯერ არ არიან ასახული.
ყველა ახალი ამბავი
0