საქართველოს პრემიერმა დუბაის სამიტის მოსაწვევი მიიღო

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე, რომელიც მას აქვს როგორც ევროპისა და აზიის, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დაკავშირებადობისა და სატრანზიტო მიმართულებით.
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერის სახელით მიიღო მოსაწვევი მმართველობის საკითხებზე მსოფლიო სამიტზე დასასწრებად, რომელიც 12-14 თებერვალს დუბაიში გაიმართება, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
დუბაის სამიტზე მოწვევა საქართველოს პრემიერს არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში აბდულლა ნასსერ ლუთამ თბილისში გამართული შეხვედრის ფარგლებში გადასცა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა გამოიყენოს ეს პლატფორმა, რათა გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორებთან.
საქართველოში ინვესტიციები იზრდება: „საქსტატის“ უახლესი მონაცემები >>
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ყურის ქვეყნებთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებით.
გარდა ამისა, დადებითად შეფასდა ბოლო წლებში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა.
საუბარი შეეხო ეკონომიკურ და მმართველობის სფეროში თანამშრომლობას; განიხილეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და პოტენციალი. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე, რომელიც მას აქვს როგორც ევროპისა და აზიის, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დაკავშირებადობისა და სატრანზიტო მიმართულებით.
გარდაბანში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური აშენდება >>
განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.
შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ ქართული პროდუქციის 97,5% გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა. საქართველოსთვის გაიხსნება მაღალმსყიდველობისუნარიანი 10-მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.
ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".
2023 წელს სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის 437,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 39,1%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, როდესაც ვაჭრობამ პიკს მიაღწია. ამასთან, გასულ წელს საქართველოდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განხორციელებულმა ექსპორტმა 53,7 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 72,7%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0