საქართველოში ინვესტიციები იზრდება: „საქსტატის“ უახლესი მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
გამოწერა
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მეორე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 505,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 29,9%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.
ინვესტიციების ზრდის მთავარ მიზეზად ხელისუფლება და ექსპერტები რეინვესტიციების ზრდას ასახელებენ.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი დოლარი შეადგინა.
2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ ლიდერები გახდნენ ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ჩინეთი, ნიდერლანდი და აშშ.
რაც შეეხება 2022 წელს, ინვესტიციების მოცულობამ, დაზუსტებული მონაცემებით, 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 67,5%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს.
სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ინვესტიციები 10,7%-ით შემცირდა პირველი კვარტალთან შედარებით, და 62,8%-ით გაიზარდა 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.

ინვესტიციები საქართველოში — 2023 წლის აპრილი-ივნისი

„საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მხრივ:
1.
პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო — 168,3 მლნ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33,3 პროცენტს შეადგენს;
2.
მეორე ადგილზეა თურქეთი — 71,0 მლნ დოლარით (14,0%);
3.
ხოლო მესამეზე ნიდერლანდი — 62,7 მლნ დოლარით (12,4%).
გარდა ამისა, ინვესტიციები შემოვიდა ჩეხეთიდან, მალტიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, იაპონიიდან და აზერბაიჯანიდან.
ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა ინვესტიციების მთლიან მოცულობაში 78,0% შეადგინა.

ინვესტირების სფეროები

„საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორებში განხორციელდა და 255,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 50,6 პროცენტია.
მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი — 137,2 მლნ დოლარით (27,1 პროცენტი), ხოლო მესამეზე დამამუშავებელი მრეწველობის სექტორია 35,6 მლნ დოლარით (7,0 პროცენტი).
გარდა ამისა, ინვესტიციები განხორციელდა ვაჭრობაში, უძრავ ქონებაში, ინფორმაციასა და კომუნიკაციაში, ტრანსპორტში, ხელოვნებაში, გართობასა და დასვენებაში, ასევე განათლებასა და ადმინისტრაციულ საქმიანობებში.

რეინვესტიციები

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რეინვესტიციების დიდი მოცულობა, რაც 59,1%-ით გაიზარდა და 422,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
შედარებისთვის: 2022 წლის მეორე კვარტალში რეინვესტირების მოცულობამ 265,6 მილიონი დოლარი შეადგინა.
რეინვესტიციების დიდი მოცულობის ძირითად მიზეზად ხელისუფლება და ექსპერტები „ესტონური მოდელის" საგადასახადო სისტემის დანერგვას მიიჩნევენ.
2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში საწარმოები მოგების იმ ნაწილის დაბეგვრისგან გათავისუფლდნენ, რომელიც წარმოების განვითარებაში იდება. არსებული საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთი 15%-ს შეადგენს.

საინვესტიციო პოლიტიკა

მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა ხელახლა ჩამოყალიბდება — პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა და ქვეყანა ახლებურად იქნება პოზიციონირებული.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.
ამავე პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ასახავს, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვდება.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად იტყვის უარს დღემდე სახელმწიფოს ხელში არსებულ ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0